გურჯაანში, ცენტრალურ მაგისტრალზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელები
კვლავ ნაგვის ბუდედ რჩება.
როგორც თავისუფლების ქუჩის ნომერ 24-ში მცხოვრებლები ამბობენ,
საკითხის მოგვარების თხოვნით ადგილობრივ ხელმძღვანელობას რამდენჯერმე
მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ.
"უკვე წლებია ამაზე ვდავობთ. არც ერთი მთავრობა არ დაგვიტოვებია, რომ
ეს საკითხი მათ ყურამდე არ მიგვეტანა. ერთი წლის წინ იყვნენ კიდეც და
ადგილზე გაეცნენ სიტუაციას. გვითხრეს, ამ საკითხს მივხედავთო, მაგრამ
იმის შემდეგ აღარავინ მოსულა. ჩასასვლელი კი ნაგვით უფრო და უფრო
ივსება. ეხლა ზაფხული მოდის, დათბება და აქაურობა ქვეწარმავლებითა და
ვირთხებით გაივსება. იქნებ ვინმემ ყურადღება მოგვაქციოს და ადგილი
ნაგვისგან მაინც გაასუფთავოს."- გვითხრა ნათელა ნათიძემ.
როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ დიმიტრი
კალატოზიშვილმა განაცხადა, გამგეობა საკითხით დაინტერესებულია.
" მოსახლეობამ ამის თაობაზე უკვე მოგვმართა. პირადად მეც და გამგეობაც
დავინტერესდით. ადგილზე გავეცანით სიტუაციას. ვცადეთ, მიწისქვეშა
გადასასვლელი მუნიციპალურ საკუთრებაში დაგვერეგისტრირებინა. ამის
შემდეგ მისი განკარგვისა და იჯარით გაცემის შესაძლებლობა გვექნებოდა.
ასე რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, ბევრი მსურველი გამოჩნდებოდა.
მაგრამ საჯარო რეესტრი მიწისქვეშა ფართებს ვერ არეგისტრირებს. დღემდე
ასეთ სიტუაციაში ვართ."-აღნიშნა მან.
დიმიტრი კალატოზიშვილის თქმით, მოსახლეობის მოთხოვნა სამართლიანია და
უახლოეს მომავალში გადასასვლელს აუცილებლად დაასუფთავებენ.
შეგახსენებთ, რომ მიწისქვეშა გადასასვლელში კომერციული ფართებიც იყო
მოწყობილი, მაგრამ, მოგვიანებით ტერიტორია საპირფარეშოდ და ნაგვის
ბუდედ იქცა. ამის შესახებ გაზეთი "სპექტრი" არაერთხელ წერდა. როგორც
ჩვენთან საუბარში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი შოთა უტიაშვილი ამბობდა,
აღნიშნული მიწისქვეშა გადასასვლელი სახელმწიფო საკუთრებას
წარმოადგენდა. იქ არსებული ძველი მაღაზიების ნაწილზე კი კერძო
მესაკუთრის მოწმობა იყო გაცემული.
მიუხედავად ამისა, შოთა უტიაშვილი ამტკიცებდა, რომ პრობლემის
მოგვარების მიზნით, გადასასვლელის
დემონტაჟი მოხდებოდა.
მას შემდეგ, რაც ამ ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა
გადაწყდა, კერძო მფლობელმა, მისივე თქმით,
ფართი სახელმწიფოს
აჩუქა.
ამავე თემაზე:
მიწისქვეშა გადასასვლელის
დემონტაჟი ახალი ხელისუფლებისთვისაც პრიორიტეტია
მიწისქვეშა
გადასასვლელი–მოუგვარებელი პრობლემა
მასალის გამოყენების პირობები