გურჯაანში გასული წლის 15 ივნისის სტიქიისგან დაზიანებული გზის
(გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის 5 კილომეტრიანი მონაკვეთი)
რეაბილიტაცია გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და ამ დრომდე
მიმდინარეობს. საზოგადოების მაღალი ინტერესია იმასთან დაკავშირებით,
თუ როდის დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები და როდის შეძლებს
გურჯაანის მოსახლეობა კომფორტულ გადაადგილებას.
სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე ატვირთული გეგმა-გრაფიკის
მიხედვით, სამუშაოები 31 მაისს უნდა დასრულდეს, თუმცა, იმავე გვერდზე
ჩანს, რომ კომპანიას ხელშეკრულების დასრულდებამდე დარჩა 149 დღე
(თითქმის 5 თვე).
speqtri.ge-მ საკითხის გასარკვევად საქართველოს საავტომობილო გზების
დეპარტამენტს მიმართ, რადგან აღნიშნული სამუშაოები სწორედ ამ უწყების
დაკვეთით ხორციელდება.
„საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის
საავტომობილო გზის კმ1-კმ 5 მონაკვეთის სარეაბილიტაციო
სამუშაოები.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ახალი სახიდე გადასასვლელის მოწყობის
სამუშაოები. სარეაბილიტაციო გზის 1 კმ-იან მონაკვეთზე უკვე მოწყობილია
ასფალტ-ბეტონის საფარის ქვედა ფენა.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის საავტომობილო გზის 5
კმ-იან მონაკვეთს, რომელიც ქალაქ გურჯაანის ცენტრიდან იწყება, მოიცავს
ბაზრის მიმდებარე ტერიტორიას და გრძელდება სოფელი კაბალის
მიმართულებით.
არსებული პროექტი ითვალისწინებდა ქ. გურჯაანში ბაზრის მიმდებარე
ტერიტორიაზე, მდ. ახტალის წყალზე, არსებული ძველი სახიდე
რეკონსტრუქციას, თუმცა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თხოვნით სახიდე
გადასასვლელის არსებული პროექტი იცვლება, რის შედეგადაც გადაადგილება
როგორც ქვეითებისათვის ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის
გახდება უფრო კომფორტული და უსაფრთხო. აქედან გამომდინარე საჭირო
გახდა გარკვეული სახის კორექტირებების შეტანა სამუშაოთა საპროექტო
დოკუმენტაშიაციაში, რამაც შეაფერხა სარეაბილიტაციო პროცესი.
დღეის მდგომარებით სამუშაოები განახლებულია, აღნიშნულ მონაკვეთზე
ახალი საგზაო საფარის მოწყობა მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება,“ -
ამბობენ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
გურჯაანის მოსახლეობა და ასევე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები
გაჭიანურებულ სამუშაოებს აკრიტიკებენ. საკრებულოს დეპუტატი პარტია
„საქართველოსთვის“ წევრი, სიმონ ქოჩორაშვილი თებერვლის თვეში ჩვენთან
საუბარში
აღნიშნავდა: „მერწმუნეთ, გაძლევთ მაგის პირობას,
ზუსტად ერთწლიანი ციკლი რომ შეიკვრება 15 ივნისს, ეგ გზა დამთავრებული
არ იქნება.“
მასალის გამოყენების პირობები