საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
საქართველოს პროკურატურა საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო
გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ განცხადებას
ავრცელებს. მათი ინფორმაციით, უწყებამ გამოძიება
ცენტრალური საარჩევნო კომისიის
2024 წლის 30 ოქტომბრის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
პროკურატურის განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით, გამოკითხვის
მიზნით დაბარებულია საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
„ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 30 ოქტომბრის მომართვის
საფუძველზე, გამოძიება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო
გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე
მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ცესკო-ს განცხადებისა და საჯარო სივრცეში მასმედიის მეშვეობით
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე
ზურაბიშვილი უნდა ფლობდეს მტკიცებულებებს 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, რის გამოც, კანონით
დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტი, მიმდინარე წლის 31
ოქტომბერს, გამოკითხვის მიზნით დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში.
საქართველოს პროკურატურა ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და
საპროცესო მოქმედებას, როგორც ცესკო-ს მომართვაში მითითებული,
ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტის, ცალკეული პოლიტიკური
პარტიებისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების მიერ
გაჟღერებული ფაქტების შესწავლის მიზნით. მათ შორის, გამოძიების
ფარგლებში გამოიკითხება ყველა ის პირი, რომელიც შესაძლებელია, ფლობდეს
ინფორმაციას სავარაუდო, დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით.“ -
აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს
გამოვლენილი ცალკეული სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით,
სამართალდამცავი უწყებები აქტიურად აწარმოებენ გამოძიებას არაერთ
სისხლის სამართლის საქმეზე, რომლის შედეგებზეც პროკურატურა პერიოდულად
მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას.
მასალის გამოყენების პირობები