საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის, სოფელ თულარის
მოსახლეობამ მერიას და გუბერნიას, შეხვედრის თხოვნით განცხადებით
მიმართა. ისინი მათ სოფელში არსებული 37 ჰექტრამდე საძოვრის იჯარით
გაცემას აპროტესტებენ, რადგან ამ გადაწყვეტილებამ მათ საქონლის
გამოკვების შესაძლებლობა მოუსპო. ისინი პასუხს მერიისგან და
გუბერნიისგან ითხოვენ.
როგორც ამავე თემში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი, თოზუ გულმამედლი
speqtri.ge-სთან საუბარში ამბობს, მათი მთავარი მოთხოვნაა, გააუქმონ
აღნიშნული იჯარა.
„გვაქვს მოთხოვნა, რომ პირისპირ შევხვდეთ მათ. ყველა ითხოვს მათი
მხრიდან ამ პრობლემის მოგვარებას. ყველა ამტკიცებს, მერმა რამდენჯერმე
დაგვიდასტურა, რომ ამ მიწას თქვენ იყენებთ და თქვენიაო. მოსახლეობას
სურდა, რომ ეს მიწა გაეფორმებინა, რა გზაც არსებობს, მაგ გზით, თუმცა,
ადგილობრივი ხელისუფლება ამბობდა, რომ ეს მიწა ისედაც თქვენია,
არანაირი გაფორმება თქვენ არ გჭირდებათო. შესაბამისად, მერიის
ვალდებულებაც არის ამ საკითხში. ჩვენ ვითხოვთ გუბერნატორთან და მერთან
შეხვედრას და მთავარი მოთხოვნაა, რომ ეს იჯარა გააუქმონ. იმიტომ, რომ
ალტერნატიული ფართიც არ არის. ეს არის საძოვარი, სადაც მინიმუმ 50
კაცის საქონელი დადის, მათ შორის მარტოხელა ქალების, რომლებიც ფერმაში
ვერ დადიან მომთაბარედ, ან ისეთი ხალხის, რომელსაც სახლში ჰყავს
ავადმყოფი და ფიზიკურად არ შეუძლია, სხვაგან წავიდეს მომთაბარედ და იქ
იცხოვროს, რომ საქონელი შეინახოს. ასევე ეს მიწა მნიშვნელოვანია
მომთაბარეებისთვისაც. როდესაც მთაში მიდიან, იმის საშუალება აქვთ, აქ
ერთი დღე მაინც გაჩერდნენ, რომ დაისვენონ. სოფელ თულარს, ამის გარდა
სხვა საძოვარი არ გააჩნია. ჩვენ გვეხმარება სოციალური სამართლიანობის
ცენტრი, რომლის წარმომადგენლებიც დაესწრებიან ამ შეხვედრას.“
-გვეუბნება თოზუ.
შეგახსენებთ, რომ თულარის მოსახლეობამ მხოლოდ ახლა გაიგო, რომ
საძოვარი, რომელიც მათ სოფლის საკუთრება ეგონათ, იანვარში სამწლიანი
იჯარით გაიცა ერთ პიროვნებაზე, რომელიც მათ
პირუტყვის ტერიტორიაზე გაშვებას უკრძალავს.
მასალის გამოყენების პირობები