საქართველოდან ამ დროისთვის 14,2 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
1 მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით, საქართველოდან 14,2 ათასი ტონა
ატმის და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ
პერიოდს 4%-ით (13,7 ათასი ტონა) აღემატება. ექსპორტით მიღებულმა
შემოსავალმა 16,2 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის
მაჩვენებელს 9 %-ით აღემატება - ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს.
მინისტრის მოადგილის თენგიზ ნასარიძის განცხადებით, წელს ყველა
ხელშემწყობი პირობაა იმისთვის, რომ რეალიზება შეუფერხებლად
მიმდინარეობდეს.
„ბოლო წლებია კახეთში ატამი ფერმერებისთვის მნიშვნელოვან საექსპორტო
პროდუქტს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ წელს ყველა ხელშემწყობი
პირობაა იმისთვის, რომ რეალიზება შეუფერხებლად მიმდინარეობდეს. ჩვენ
ფაქტობრივად მოსავლის აღების და რეალიზების შუა პერიოდში ვართ. იცით,
რომ სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობით შექმნილია სპეციალური
საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს მოსავლის დაბინავებისა და
ექსპორტის მიმართულებით შეფერხებების შემთხვევაში მყისიერ რეაგირებას.
დღეისათვის, დაახლოებით 16 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების ატმის
ექსპორტია განხორციელებული. სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილია ასევე
შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნა და გურჯაანის მუნიციპალიტეტში
30-40 ასეთი პუნქტი მუშაობს. ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს ატმის
ჩაბარება და რეალიზება. სასიხარულოა, რომ ფასის და ხარისხის
მიმართულებით შეიმჩნევა ფერმერების კმაყოფილება. ჩვენ ვხედავთ, წლების
განმავლობაში ქართველი ფერმერებისთვის სახელმწიფოს მხარდაჭერის
ხელშესახებ შედეგებს და, რა თქმა უნდა, ეს მხარდაჭერა მომავალშიც
გაგრძელდება“,- განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.
სამინისტროს ცნობით, შარშან, ანალოგიურ პერიოდში, ატმით და
ვაშლატამათი მიღებული შემოსავალი 14,8 მილიონი აშშ დოლარი იყო. წელს
5%-ით გაზრდილია ატმის ღირებულებაც, რომელმაც, ბოლო მონაცემებით,
კილოგრამზე 1.14 აშშ დოლარი შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები