სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა აუდიტი იმის დასადგენად,
პანდემიის დროს რამდენად უზრუნველყოფილი იყო საქართველოს საჯარო
სკოლებში დისტანციური სწავლების ეფექტიანად წარმართვა.
როგორც
ანგარიშშია აღნიშნული, გამოვლინდა ის
ნაკლოვანებები, რომლებიც გავლენას ახდენს პროცესის პროდუქტიულობასა და
ეფექტიანობაზე.
აუდიტის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეების გარკვეულ ნაწილს ხელი
არ მიუწვდება დისტანციური სწავლებისთვის საჭირო რესურსებზე −
კომპიუტერებსა და ინტერნეტზე. ასევე საგულისხმოა ის გარემოაბაც, რომ
სამინისტრო არ ფლობს სრულ ინფორმაციას ასეთი მოსწავლეების რაოდენობის
შესახებ.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც აუდიტის დასკვნაშია საუბარი
არის ის, რომ 2017 წლიდან 2021 წლის ივლისის ჩათვლით საჯარო სკოლებში
დასაქმებული მასწავლებლების 42% არ იყო ჩართული საინფორმაციო
ტექნოლოგიების მიმართულებით განხორციელებულ ტრენინგმოდულებში.
„ცენტრმა 2017 წლიდან დაიწყო მასწავლებელთა გადამზადება კომპიუტერული
უნარების განსავითარებლად. მიუხედავად ამისა, პანდემიამდე ინფორმაციულ
ტექნოლოგიებში გადამზადებული იყო 15,000 პედაგოგი, რაც მასწავლებელთა
27%-ს შეადგენს;“ - ვკითხულობთ დასკვნაში.
დასკვნაში ასევ გამოკვეთილია რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი:
- დისტანციური სწავლების განსახორციელებლად სამინისტრომ ერთ-ერთ
საშუალებად გამოიყენა პლატფორმა Microsoft Teams, რომლის ლიცენზიების
შესყიდვა დაიწყო 2019 წელს. 2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით,
დაბალი იყო მოსწავლეების მიერ ბონუს ლიცენზიების ათვისების
მაჩვენებელი − 42%, ხოლო მასწავლებლების და ადმინისტრაციული
პერსონალის მიერ აუთვისებელი იყო ფასიანი ლიცენზიების 17,5% და 10%.
ლიცენზიების ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრის, გააქტიურების გეგმისა
და მონიტორინგის მექანიზმების ნაკლებობის პირობებში იქმნება რესურსის
არაპროდუქტიულად გამოყენების რისკები;
- დისტანციური სწავლების ერთ-ერთ ფორმად გამოყენებულ იქნა
საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“, რომელიც ითვალისწინებს სკოლის
მოსწავლეებისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სტანდარტისა
და პროგრამის მიხედვით ტელეგაკვეთილების ჩატარებას. ტელესკოლის
გაკვეთილები სრულად არ ფარავს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ
ყველა სავალდებულო საგანს. შესაბამისად, ის მოსწავლეები, რომლებიც
მხოლოდ ტელესკოლით იღებენ განათლებას, კონკრეტულ საგნებში, შესაძლოა,
დარჩნენ საგაკვეთილო პროცესის მიღმა;
- პროექტ „ტელესკოლის“ ფარგლებში მიმდინარეობს რეგიონების მიხედვით
იმ მოსწავლეთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის წარმოება, რომლებიც
მხოლოდ „ტელესკოლით“ იღებენ განათლებას, თუმცა პროექტის
განმახორციელებელი უწყებები არ ფლობენ სრულ და უახლეს ინფორმაციას
ტელესკოლის ნახვადობის სტატისტიკის შესახებ სხვადასხვა პარამეტრის
გათვალისწინებით, რაც აფერხებს პროგრამის შეფასებისა და მონიტორინგის
პროცესს;
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არ აქვს შემუშავებული
სამოქმედო გეგმა, რომლითაც განსაზღვრული იქნება საგანგებო
მდგომარეობის დროს განსახორციელებელი ღონისძიებები, რათა მომავალმა
გაუთვალისწინებელმა მოვლენებმა ნაკლები ზიანი მიაყენოს განათლების
სისტემას. ამასთანავე, არ არის დანერგილი პროცესი, რომელიც
უზრუნველყოფს პანდემიის გრძელვადიანი ეფექტებისა და დისტანციური
სწავლების შედეგების პოტენციური გავლენის შეფასებას განათლების
სისტემაზე. აუდიტის ჯგუფის მიერ ჩატარებული გამოკითხვებიდან ჩანს, რომ
პანდემიის მოკლევადიანი ეფექტები ნეგატიურად აისახა მოსწავლეთა
შედეგებზე. გარდა ამისა, სხვადასხვა კვლევის შედეგებიც მიუთითებს
უარყოფით გავლენაზე. აღნიშნული ხაზს უსვამს საგანგებო გეგმის
შემუშავების მნიშვნელობას;
- მაღალმთიან რეგიონებსა და ბარის შორეულ სოფლებში მასწავლებელთა
დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით ხორციელდება პროგრამა „ასწავლე
საქართველოსთვის“ და ქვეპროგრამა „დისტანციური სწავლება“, რომლებიც
სათანადოდ ვერ უზრუნველყოფენ არსებული დეფიციტის შევსებას. ცენტრის
ინფორმაციით, 2018-2021 წლებში 309 ერთეული მასწავლებლის ვაკანსია ვერ
შეივსო სხვადასხვა მიზეზით. არსებობს რისკი, რომ აღნიშნული დეფიციტის
გავლენით, 2018-2021 წლებში, სხვადასხვა სასწავლო წელს, რომელიმე
საგანში სათანადო განათლება ვერ მიიღო ჯამში, დაახლოებით, 15,000-მა
მოსწავლემ;
- „ასწავლე საქართველოსთვის“ და „დისტანციური სწავლება“ ემსახურება
საერთო მიზანს, მაღალმთიან რეგიონებში მასწავლებელთა დეფიციტის
აღმოფხვრას, თუმცა განსხვავებულია სწავლების წარმართვის ფორმა.
„დისტანციური სწავლების“ ქვეპროგრამის განხორციელება, დაახლოებით,
4-ჯერ − 4,5-ჯერ უფრო ნაკლები ფინანსური რესურსითაა შესაძლებელი და
შეუძლია უფრო მეტი დეფიციტური კადრის მოძიება, რაც გაზრდის
მოსწავლეებისთვის განათლების ხელმისაწვდომობას, იმ შემთხვევებში,
როდესაც რეგიონებში კვალიფიციური კადრის მივლინება შეუძლებელია.
ცნობისთვის, აუდიტი ჩატარდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების
სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აშშ-ის მთავრობის ანგარიშვალდებულების
სამსახურის (GAO) და აუდიტის განვითარების ცენტრის (CAE) ექსპერტების
ჩართულობით.
მასალის გამოყენების პირობები