გუშინ კახეთში მოსულ სეტყვასთან დაკავშირებით, ბუნებრივ მოვლენებზე
აქტიური ზემოქმედების ცენტრი განცხადებას ავრცელებს. მათი
ინფორმაციით, რეგიონში სისტემამ 130-მდე რაკეტა გაისროლა, რომლის
საშუალებითაც მოხდა მასშტაბური სეტყვასაშიში ატმოსფერული პროცესები
მაქსიმალურად შემსუბუქება.
„კახეთში 2 მაისის დღის მეორე ნახევარში სეტყვის საწინააღმდეგო
სისტემის გამოყენებით მასშტაბური სეტყვასშიში ატმოსფერული პროცესები
მაქსიმალურად იქნა შემსუბუქებული.
რეგიონში სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან ფრონტალური ტიპის 470 კმ2
საერთო ფართობის მქონე ღრუბლის მასებმა დღის მეორე ნახევრიდან იწყო
შემოსვლა და თან შემოიტანა უკვე ჩამოყალიბებული სეტყვის მარცვლები.
ნალექის მასებმა ეტაპობრივად მოიცვა ახმეტის, თელავის, გურჯაანის,
სიღნაღის და ლაგოდეხის რაიონები.
კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა,
მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 25 მმ იყო.
ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ 14:32 სთ-დან
19:32 საათამდე ღრუბლის მასების დასამუშავებლად საერთო ჯამში 130-მდე
რაკეტა იქნა გასროლილი. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე სროლები
მხოლოდ დასაშვებ სექტორებში, დაუსახლებელი ტერიტორიების მიმართულებით
მსხვილი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების თავზე განხორციელდა.
ზემოქმედების შედეგად მაქსიმალურად მოხერხდა რეგიონში შემოსული
ჩამოყალიბებული სეტყვასაშიში ღრუბლის მასების არსებულ მასშტაბებში
შეკავება და შემდგომი გაძლიერების თავიდან არიდება.
ნალექის უდიდესი ნაწილი ძლიერი წვიმის სახით სასოფლო-სამეურნეო
სავარგულების თავზე ჩამოიცალა. სეტყვის მოსვლა დასახლებული პუნქტების
თავზე, რაკეტების სროლისთვის შეზღუდულ ტერიტორიებზე დაფიქსირდა.“ -
აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოსულმა სეტყვამ
გაანადგურა ხორბლისა და ქერის ყანები,
დასეტყვილია ვენახები. ამ დროისთვის
უცნობია ზარალის ოდენობა და დასეტყვილი
ტერიტორიების ფართობი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების
სააგენტოს სიღნაღის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის მთავარი
სპეციალისტის, ბონდო ბოლღაშვილის თქმით, მიმდინარეობს ციფრების
დაზუსტება.
მასალის გამოყენების პირობები