გიმნაზიის დამფუძნებელი და ყოფილი დირექტორი, ოთარ ჭილაშვილი
გარდაიცვალა. მკაცრი, სამართლიანი, ყველასათვის საყვარელი და
საპატივსაცემო ადამიანი, - ასე აფასებენ მას ყოფილი მოსწავლეები.
ძმებმა - გურამ და ოთარ ჭილაშვილებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე გურჯაანში გიმნაზია
(დღევანდელი მეოთხე საჯარო სკოლა)
1990 წელს დააარსეს.
1991 წლიდან კი დირექტორად ოთარ ჭილაშვილი დაინიშნა.
თავდაპირველად აქ მე-9 კლასის მოსწავლეები მიიღეს. მიმდინარეობდა
პროფილური სწავლება: ბავშვები ინტერესების მიხედვით გადანაწილებულები
იყვნენ ფიზიკა-მათემატიკის, ქიმია-ბიოლოგიისა და ჰუმანიტარულ
ჯგუფებში, სადაც ძირითად საგნებს უნივერსიტეტის
პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიდნენ.
მომდევნო წლებში გიმნაზიას დაწყებითი კლასებიც დაემატა.
ეს იყო პირველი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც
უნივერსიტეტის მსგავსად, წელიწადში ორჯერ ტარდებოდა გამოცდები. სწორედ
ამიტომ, გიმნაზიის ბავშვები ყველაზე კარგი აკადემიური მოსწრებითა და
შედეგებით გამოირჩეოდნენ.
ოთარ ჭილაშვილის ინიციატივით, გიმნაზიაში გაიხსნა საზაფხულო
სკოლა, სადაც გაძლიერებულად ისწავლებოდა ინფორმატიკა და მათემატიკა.
მოსწავლეები გაცვლითი პროგრამებით ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში
მიდიოდნენ.
ოთარ ჭილაშვილი ასევე დაკავებული იყო საზოადობრივი საქმიანობითაც. იყო
საზოგადოება „გურჯაანის“ წევრი. სწორედ ეს ორგანიზაცია იყო კახეთში
რკინიგზის
აღდგენის ერთ-ერთი ინიციატორი. მას მიაჩნდა, რომ
„რკინიგზა მთელი კახეთისთვის,
საქართველოსთვის ნათელი მომავლის
გზაა“.
გასულ წელს, გიმნაზიის ყოფილმა მოსწავლეებმა ოთარ ჭილაშვილს
განათლების სფეროში გაწეული ღვაწლისთვის
ვარსკვლავი გაუხსნეს. ღონისძიებას სკოლის
პედაგოგები, კურსდამთავრებულები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ავადმყოფობის გამო ვარსკვლავის გახსნას არ ესწრებოდა ოთარ ჭილაშვილი,
თუმცა ის სკაიპით ჩაერთო.
ოთარ ჭილაშვილი იყო გურჯაანის საპატიო მოქალაქე.
მასალის გამოყენების პირობები