უკვე რამდენიმე წელია "გურჯაანქალაქობა" ტრადიციულად აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით კურორტ ახტალის ტერიტორიაზე სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებები ჩატარდა.
მოეწყო ქართული რეწვის ნიმუშების და ღვინის გამოფენა. საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს გურჯაანის ტერიტორიაზე არსებულმა საწარმოებმა. გაიმართა შეჯიბრი სპორტის სხვადასხვა სახეობაში: მკლავჭიდში, ჭიდაობაში, ჭადრაკში და სხვა.
"ვაგრძელებთ ტრადიციას და აღვნიშნავთ გურჯაანქალაქობას. ეს არის ერთგვარი შეჯამება ჩვენი სპორტული და ხელოვნების რესურსის. გამოიფინა სამხატვრო სკოლის პედაგოგთა და მოსწავლეთა ნამუშევრები, ასევე გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოების და ღვინის ქარხნების პროდუქტი. ღონისძიება დაიწყო ფესტივალით, რომელშიც ყველა ჩვენმა შემოქმედებითმა ჯგუფმა მიიღო მონაწილეობა. ეს არის ერთი დღე, რომელსაც ვულამაზებთ ჩვენს მოსახლეობას."-აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ეკატერინე ბეროშვილმა.
გურჯაანქალაქობაზე საპატიო მოქალაქეები გამოავლინეს, რომლებიც სიგელებით და სუვენირებით დააჯილდოეს.
"დიდი პატივია, როცა შენი მშობლიური რაიონის მოსახლეობამ და ხელმძღვანელობამ, ჩემი მოკრძალებული საქმიანობის მიმართ ასეთი დიდი ყურადღება გამოიჩინა. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. მიუხედავად იმისა, რომ მე უკვე ვარ თბილისის და ბაღდათის საპატიო მოქალაქე, გურჯაანის საპატიო მოქალაქის წოდება გამორჩეულად საყვარელი და ძვირფასია, მშობლიურია. ჩემს ძვირფას გურჯაანელებს ვაძლევ სიტყვას, რომ მოვიქცევი კარგად და არ შევარცხვენ მათ."-აღნიშნაspeqtri.ge -სთან საუბარში გურჯაანის საპატიო მოქალაქემ, მუსიკოსმა ჯემალ ბაღაშვილმა.
საპატიო მოქალაქის წოდება ჯემალ ბაღაშვილთან ერთად მიენიჭა: კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას, თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკ თეიმურაზ ზავრაშვილს, ექიმ მიხეილ ზვერიაშვილს, გურჯაანის სამხატვრო სკოლის დირექტორს ესმა ალავერდაშვილს, ბაკურციხის საჯარო სკოლის დამსახურებულ პედაგოგს ლია ქევხიშვილს და მკლავჭიდში საქართველოს ორგზის ჩემპიონს ზვიად შანყულაშვილს.
ღონისძიება გალა კონცერტით დასრულდა, რომელშიც თბილისიდან მოწვეული სტუმრები მონაწილეობდნენ.
მასალის გამოყენების პირობები