"Giffoni Georgia" -ს ჟიურის ერთ-ერთი წევრი ველისციხელი ზაურ მირიანაშვილია
ველისციხის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ზაურ მირიანაშვილი კინოფესტივალ "Giffoni Georgia"-ს ჟიურის წევრად შეარჩიეს.
აღსანიშნავია, რომ გურჯაანის რაიონიდან ასეთი შეთავაზება მხოლოდ მას ხვდა წილად.
როგორც ზაური გვიყვება, მან კინოფესტივალში მონაწილეობა შარშანაც მიიღო.
"Giffoni Georgia" -ს კინოფესტივალი პირველად საქართველოში 2014 წელს ჩატარდა. პირველად ქართველ ახალგაზრდებსაც შეეძლოთ ყოფილიყვნენ ფესტივალის ჟიურის წევრები და მონაწილეები. ამიტომ ეს მათთვის უნიკალური შანსი იყო. ამ პროექტის შესახებ ტელევიზიით გავიგე. ბავშვობიდან მაინტერესებს კინო და ამ განცხადებამ ჩემში დიდი ინტერესი გამოიწვია. მივიღე კონკურსში მონაწილეობა და შემარჩიეს. კინოფესტივალი ექსპოჯორჯიას პავილიონში ჩატარდა, სადაც შევხვდი ეროვნული კინოცენტრის დირექტორს ნანა ჯანელიძეს. ბედნიერი ვარ, რომ ეს ადამიანი გავიცანი. ფესტივალის მიმდინარეობის დროს გვიჩვენეს ქართული და უცხოური ფილმები, დავესწარით ბატონ გურამ წიბახაშვილის მასტერკლასს, ჩატარდა ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? რომელიც კინოსფეროს ეხებოდა. მაშინ ფილმებთან დაკავშირებით, მხოლოდ ჩვენი აზრი გამოვხატეთ, ქულები არ დაგვიწერია. შარშანდელ ფესტივალზე ჩვენ გვქონდა შეხვედრა ფილმ "მანდარინების" მთავარი როლის შემსრულებელთან გიორგი ნაკაშიძესთან, გავმართეთ დებატები და ასე ვთქვათ, ახალგაზრდებმა გზა დავულოცეთ ამერიკის კინოაკადემიისკენ."
ზაური მომავალი ფესტივალის შესახებაც გვესაუბრა და თავისი ემოციები გაგვიზიარა.
"წელს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე ერთად ახორციელებს კინოფესტივალის ორგანიზებას, რომელიც მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში 16-19 ოქტომბერს ჩატარდება. როგორც ვიცი, ამ პერიოდში სასახლე იქნება სრულიად დახურული გარეშე პირებისთვის და მხოლოდ კინოფესტივალის სტუმრები და ჟიურის წევრები მიიღებენ მონაწილეობას. ამ ჟიურის ერთ-ერთი წევრი, სხვებთან ერთად, მეც ვიქნები. მჯერა, რომ ეს პერიოდი იქნება ძალიან დატვირთული, მაგრამ ნაყოფიერი. გურჯაანის რაიონიდან მხოლოდ მე შემარჩიეს და ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა ჩემთვის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოცნებობ კინოსფეროსთან კავშირზე. ეს ჩემი ოცნების ახდენაა. ვფიქრობ, კინოფესტივალის ჟიურის წევრად ყოფნა ჩემი ასაკის ადამიანისთვის ძალიან დიდი მიღწევაა."-აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ იტალიის პატარა ქალაქ ჯიფონი ვალე პიანაში ფესტივალი უკვე 44 წელია ტარდება, რომელშიც ჟიურის წევრები მოზარდები არიან. 3500 ბავშვი უყურებს ფილმებს სხვადასხვა ნომინაციაში, მსჯელობს, განიხილავს და გამოავლენს საუკეთესოებს. ჟიურის წევრთა ასაკი 5-დან 18 წლამდე მერყეობს.
საქართველოს ეროვნულ კინოცენტრსა და ჯიფონის კინოფესტივალს შორის ურთიერთობა 2013 წელს დაიწყო, როცა კინოცენტრის ინიციატივით, 3 ქართველი მოსწავლე საერთაშორისო კინოფესტივალზე იტალიაში გაემგზავრა. ფესტივალის ლოგოს უსასყიდლოდ გამოყენების უფლება საქართველოს 2014 და 2015 წლებში მიეცა.
მასალის გამოყენების პირობები