არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აფასებენ.
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) განცხადებას მედია გარემოს შესახებაც ავრცელებენ.
"2015 წლის სექტემბერში ქვეყანაში მოქმედ ოთხ ეროვნულ მაუწყებელში ერთდროულად დაწყებული სხვადასხვა სახის ძირეული ცვლილებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყანაში მედია გარემოზე. საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების სეგმენტის დროებითი შეჩერების თაობაზე ტელეკომპანია „იმედისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებებით, ასევე, რუსთავი 2-ის ქონების დაყადაღებითა და ტელეკომპანია „მაესტროს“ გაკოტრების საქმის წარმოებით, ჩნდება ეჭვები ყველაზე რეიტინგული და ეროვნული დაფარვის მქონე ტელევიზიების სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის თაობაზე.
აღნიშნულს ის გარემოებაც ამძაფრებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი კვლავ არ არის თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისაგან. 2013 წლის დასაწყისიდან მოყოლებული დღემდე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ნაცვლად 9 წევრისა 7 წევრის შემადგენლობით მუშაობს. მიუხედავად საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების არაერთი მოწოდებისა, საქართველოს პარლამენტს არ უცდია კონკურსის ხელახლა ჩატარება საბჭოს სრულად დაკომპლექტებისთვის, რაც ვერ უზრუნველყოფს საბჭოს სათანადო წარმომადგენლობითობას. ასევე, კანონის დარღვევით წარიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოს არჩევნები."- ნათქვამია განცხადებაში
არასამთავრობოეიბის განმარტებით, მიუხედავად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან არაერთი მოწოდებისა, ქვეყანაში არ არის უზრუნველყოფილი ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების სწრაფი და ეფექტური გამოძიება.
-" საქართველოს მთავარი პროკურატურა საზოგადოებას არ აწვდის ინფორმაციას მიმდინარე გამოძიებების შესახებ, რაც შეუძლებელს ხდის შეფასდეს მედიის მდგომარეობა ამ მხრივ. ასევე, იკვეთება ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის უკანონო ხელშეშლის შესაძლო ფაქტები, რაც გავლენას ახდენს როგორც მედიის თავისუფლების ხარისხზე ქვეყანაში, ისე ცალკეული ჟურნალისტის უსაფრთხოებასა და თავისუფალ პროფესიულ საქმიანობაზე.
ყოველივე ზემოთქმული საფრთხეს უქმნის მედიაპლურალიზმსა და ამომრჩეველთა ინფორმირებულობას შუალედური და მორიგი საპარლამენტო არჩევნებისთვის."
მასალის გამოყენების პირობები