ქალაქ გურჯაანში მეორე და მესამე საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია დასრულდა. ორივე დაწესებულება საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.
ღონისძიებას, მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, კახეთის გუბერნატორიც ესწრებოდა.
"ჩემთვის ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია. მიმდინარე წელს კახეთის მასშტაბით 110 სააღმზრდელო დაწესებულებას უტარდება რეაბილიტაცია. ჩვენ მივყვებით ეტაპობრივად, ყველა ბაღი იქნება თანამედროვე სტანდარტების. მათ არამარტო რეაბილიტაცია ჩაუტარდება, არამედ შევუძენთ ახალ სათამაშოებს. ჩვენი შვილები იქნებიან ისეთ პირობებში, როგორიც ეკადრებათ ქართველებს და გვეკადრება ჩვენ." - აღნიშნა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანების დირექტორის ლელა თევდორაშვილის თქმით, 2015 წელი მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებისთვის საკმაოდ წარმატებულია.
"მინდა აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 37 სააღმზრდელო დაწესებულებაა და აქედან 35-ს გაუკეთდა სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია. ძალიან მიხარია, რომ ეს წელი აღსაზრდელებისთვის დაიწყო კომფორტულ და ლამაზ გარემოში."-აღნიშნა მან.
კმაყოფილებას ვერ ფარავდნენ მშობლებიც.
"ადრე არ იყო ის პირობები, რომ ჩვენს შვილებს ნორმალურ გარემოში მიეღოთ განათლება. მათთვის, ეს გარემო ძალიან დიდი საჩუქარია. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ ბავშვი ნორმალური და საღად მოაზროვნე აღიზარდოს" - გვითხრა ნინო კაპანაძემ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ბაგა-ბაღებში განხორციელდა ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები და ჩატარდა კაპიტალური რემონტები. მეორე საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 213 177 ლარი დაიხარჯა, ხოლო მესამე საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის -199 990 ლარი.
ორივე ბაღის ინფრასტრუქტურა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო.
მასალის გამოყენების პირობები