გურჯაანი-ბაკურციხის გზაზე რამდენიმე კვირის წინ დამონტაჟებული 25 ხელოვნური ბარიერიდან, ცხრაღა დარჩა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა რამდენიმე მათგანის დემონტაჟი მოახდინა.
- "სიჩქარის შემაფერხებელი ხელოვნური ბარიერები, დეპარტამენტმა გამგეობის წერილების საფუძველზე დააყენა. გამგეობის მომართვის საფუძველზევე ისევ ავიღეთ. ასევე, პრეტენზია ჰქონდათ ადგილობრივებსაც. ამბობდნენ, რომ ხმაურს იწვევდა. თუ ბარიერზე დაშვებული სიჩქარით იმოძრავეს ავტოტატრანსპორტი, ეს არ გამოიწვევს ხმაურს. დასაშვები სიჩქარეა 40კმ/სთ. ჩამოვიდა კომისია, გამგეობის წარმომადგენლებთან, საპატრულო პოლიციასთან, ასევე მოსახლეობასთან ერთად შეისწავლა საკითხი. გარკვეულ მონაკვეთზე აღებულ იქნა. დასაწყობდა ჩვენი ზონის მიმდინარე შეკეთების კონტრაქტორ ორგანიზაციაში, თელავში. დაზიანების დროს შესაკეთებლად გამოვიყენებთ. ზოგ ადგილას მოსახლეობამ თავად აყარა. ჩემი ინფორმაციით ახლა ცხრა შემაფერხებელია, მანამდე ორმაგი იყო. არც დემონტაჟში და არც შემდგომ შეკეთებისთვის თანხას აღარ გავიღებთ ."- აღნიშნა საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოძრაობის ორგანიზაციის უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა მამუკა პატაშურმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ზვიად ბიაშვილი კი ამბობს, რომ დემონტაჟის შესახებ გამგეობას გზების დეპარტამენტისთვის არ მიუმართავს.
"გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიმართა გზების დეპარტამენს, რომ სიჩქარის შემაფერხებლები დაემონტაჟებინათ ცენტრალურ გზაზე მდებარე სკოლებთან. მთლიანად მუნიციპალიტეტში ასეთი რვა ადგილია. დანარჩენ ადგილას, დაგებაც და აშლაც ექსკლუზიურად გადაწყვიტეს."
მამუკა პატაშურის განმარტებით, დეპარტამენტს შემაფერხებლის ერთი გრძივი მეტრის დაგება 150 ლარი დაუჯდა.
მასალის გამოყენების პირობები