შესაძლოა, ზიარში აღმოჩენილი არტეფაქტები ბერიტაშვილის მუზეუმში განთავსდეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიარში არქეოლოგიური გათხრები დასრულდა.
"არქეოლოგიური სამუშაოები გასულ წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით დაიწყო და მიმდინარე წელსაც გაგრძელდა. ამ დროისთვის, სამუშაოები დასრულებულია, ერთ კვირაში კი პრეზენტაცია მოეწყობა. განთავსდება საინფორმაციო დაფა, გამოიფინება მოპოვებული ქვის ხანის არტეფაქტები. ველოდებით კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორს ნიკა ანთიძეს. პრეზენტაციასთან დაკავშირებით მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს."- აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა.
თამაზ მარკოზაშვილის თქმით, შესაძლოა, ზიარში მოპოვებული არტეფაქტები ვეჯინში, ივანე ბერიტაშვილის სახელობის მუზეუმში, გამოიფინოს.
- "ივანე ბერიტაშვილის მუზეუმში განთავსებულია მისი მემორიალური ნივთები და ბიბლიოთეკა. შენობა კარგ მდგომარეობაშია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მუზეუმი დამთვალიერებლების ნაკლებობას უჩივის. ტურისტებს უფრო სხვა მოთხოვნები აქვთ. დავაყენეთ ასეთი წინადადება, რომ ერთ-ერთ დარბაზში განთავსდეს არქეოლოგიური მასალები. სხვა მასალებთან ერთად, ვაპირებთ ზიარში აღმოჩენილი არტეფაქტების გამოფენასაც. ვფიქრობ, ეს მოიზიდავს ტურისტებს. ერთი ექსპოზიცია ფიზიოლოგიას, ბატონ ბერიტაშვილის ნამუშევრებს დაეთმობა, მეორე კი არქეოლოგიურ ნივთებს. შესაძლოა, მუზეუმი ფონდსაცავიც გახდეს."
როგორც თამაზ მარკოზაშვილი ამბობს, ზიარში არქეოლოგიური გათხრები მომავალ წელსაც გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები