პედაგოგების თქმით, ახალ რეფორმებში ბევრია მისასალმებელი, მაგრამ ბევრს `ერის დაცემამდე და გათახსირებამდეც~ კი მივყავართ. პედაგოგებმა `სპექტრს~ თავისი გულისტკივილი გაუზიარეს.
`ჩვენი, პედაგოგების ყველაზე დიდი გულისტკივილი ის შედეგია, რასაც მოსწავლეებში ვხედავთ, ახალგაზრდებს ლექსიკური მარაგის ნაკლებობას და ტრადიციებისადმი ინერტულობას ვამჩნევ. ძალიან ვწუხვარ, რომ მათ ლექსის ზეპირად ცოდნას ვეღარ ვაიძულებ. ეს არსად სწერია, არც მითითება გვაქვს, მაგრამ ბავშვს თუ ამის გამო ნიშანი დავაკელი, მაშინ ის წავა და იჩივლებს. ნუთუ შეიძლება, ქართველმა ბავშვმა ისე დაამთავროს სკოლა, რომ `განთიადი~ `ბედი ქართლისა~ ან `ყივჩაღის პაემანი~ ზეპირად არ იცოდეს? ეს ხომ ერის დაღუპვისკენ და განადგურებისკენ წაგვიყვანს? მგონია ტენდენციები იქით მიდის ქართველს ქართველობის დაკარგვას აიძულებენ!~ _ ამბობს დედოფლისწყაროს ღვაწლმოსილი პედაგოგი, ფილოლოგი ნინო ბოსტოღანაშვილი.
მის მოსაზრებას სხვებიც ეთანხმებიან და აღნიშნავენ, რომ ახალი რეფორმა `თრგუნავს და აბეჩავებს~ მოსწავლეს.
`რა სჯობს, როდესაც ბავშვი ილიას `ბედნიერ ერს~, ანდა ბარათაშვილის `მერანს~ ზეპირად ამბობს, როგორ შეიძლება ორბელიანის `თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში~ მოსწავლეს კითხვით ჰქონდეს და კითხვა-პასუხის მეთოდით ამოწურო მისი შესწავლა. ქართველმა ხმალი თავისი კარგი ქართველობით უნდა მოიქნიოს, ლექსით უნდა განგმიროს მტერი და ლექსითვე მოიგოს სიყვარული,~ _ გვეუბნება ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის პედაგოგი, ფილოლოგი დარეჯან ბოქოლიშვილი.
პედაგოგების ნაწილი დადებითად აფასებს რეფორმას, რომელიც ყველა საგანში გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს. `ყველა საგანში გამოცდა ნიშნავს, რომ ბავშვები სკოლას დაუბრუნონ და სწავლას უწინდებურად ფასი დაედოს. სკოლაში მიღებული ცოდნა ისეთი უნდა იყოს, რომ აბიტურიენტი უმაღლეს სასწავლებელში რეპეტიტორის დახმარების გარეშე აბარებდეს. დღეს ხშირად გაიგონებთ, რომ გოგონები გაკვეთილებს აცდენენ, ბავშვი სახლში მიდის და ამაყობს, რომ იმ დღეს თავის მასწავლებელი მოატყუა და გაკვეთილი მეგობრის წიგნში წაკითხვით მოჰყვა, ამაზე კი თანატოლებმა კარგად იმხიარულეს. მშობელიც იცინის და რეაგირება არ აქვს. აი, სასკოლო გამოცდები კი აიძულებს მოსწავლეებს, გაკვეთილი საფუძვლიანად ისწავლოს. რა თქმა უნდა, თუ სწავლება სწორედ განხორციელდება და არ გახდა კიდევ ერთი კორუფციის წყარო, როგორც ეს ზოგიერთ სკოლაში ჩაწყობით, პროტექციითა და ქრთამის აღებით ხდებოდა,~ _ ამბობს დაწყებითი კლასების მასწავლებელი, სალომე ლომიძე.
აღნიშნულ რეფორმას უარყოფითად აფასებენ მშობლები. მათი თქმით, ამ ცვლილების განხორციელება ნაადრევია რადგან მიაჩნიათ, რომ მოსწავლეები ყველა საგანში მაღალ ნიშანს ვერ მიიღებენ. ეს კი, მათი აზრით, აბიტურიენტებს უმაღლესში ჩაბარებისას პრობლემებს შეუქმნის.
`ჩემი შვილი მომავალ სასწავლო წელს აბიტურიენტია, აქამდე რეპეტიტორებთან მათემატიკაში, ინგლისურსა და ქართულში ვამზადებდი, ეს ის საგნებია, რომლებიც უმაღლესში ჩასაბარებლად სჭირდებოდა, ამჯერად კი, ვშიშობ, სკოლის დამთავრებისას ყველა საგანში გამოცდას მაღალ ნიშანზე ჩააბარებს თუ არა. იქნება ეს რეფორმა ადრეული ასაკის ბავშვებზე გათვლილიყო, რომლებიც მობილიზებულები შეხვდებოდნენ გამოცდებს,~ _ ამბობს `სპექტრთან~ საუბარში მშობელი, ეკა ბერიაშვილი.
შეუშლის თუ არა ხელს სკოლის გამოცდებში მიღებული ნიშნები აბიტურიენტს უმაღლესში ჩასაბარებლად? _ ამ კითხვით დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორს ქალბატონ მარინე მეხრიშვილს მივმართეთ, რომელმაც წერილობით გვიპასუხა, ხელმოწერით დაგვადასტურებინა და გვითხრა რომ შესწორების გარეშე გამოგვექვეყნებინა.
`განათლების რეფორმის მეორე ეტაპზე დღის წესრიგში დადგა სასკოლო ატესტატების მნიშვნელობის გაზრდა, რადგან მოსწავლემ უნდა მიიღოს ცოდნა ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით. დღეისათვის არის ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც განსაკუთრებით სკოლის მესამე საფეხურის მოსწავლეები არ დადიან სკოლებში და ემზადებიან მხოლოდ ოთხ საგანში რეპეტიტორებთან, ამით ზიანდება ფუნდამენტალური ამოცანა, რომელიც აქვს სკოლას, რომ მისცეს ბავშვს ზოგადი განათლება ყველა იმ საგანში, რომელიც ისწავლება სკოლაში. საქართველოს პრეზიდენტის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით 2011 წლიდან საქართველოში ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დაინერგება ატესტატის მიღების ახალი პრინციპი, რომლის მიხედვითაც მოსწავლე, რომელიც 2011 წელს დაამთავრებს სკოლას, ავტომატურად მიიღებს სკოლის დამთავრების დამადასტურებელ საბუთს (სერთიფიკატს). თუ მოსწავლეს ექნება სურვილი მიიღოს ატესტატი და გაგრძელოს სწავლა უმაღლეს სასწავლებეში, საგამოცდო ცენტრებში მოუწევს მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა ყველა ძირითად სასკოლო საგანში, ეს პროცესი წარიმართება საგამოცდო ცენტრებში ერთიანი ეროვნული გამოცდების პარალელურად, მაგალითისათვის, თუ მოსწავლე აბარებს უნარ-ჩვევებს, ქართულ ენასა და ლიტერატურას, უცხო ენას და მათემატიკას, პარალელურად იგი ატესტატის ასაღებად დანარჩენ საგნებში აბარებს საატესტატო გამოცდებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მოსწავლეებმა წარმატებით გადალახონ ატესტატის მისაღები მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. კერძოდ, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად შედგენილ 2010-2011 სასწავლო წლის მე-12 კლასის საათობრივ ბადეში საატესტატო გამოცდის ყველა საგანში ჩასმულია აბიტურის საათები, რომლებიც გათვალისიწნებულია მოსწავლეების საატესტატო გამოცდებისათვის მოსამზადებლად.
ასე, რომ თუ მოსწავლე სასწავლო წლის განმავლობაში ივლის სკოლაში შეასრულებს მასწავლებლის მიერ მიცემულ დავალებებს, ის აუცილებლად ჩააბარებს საატესტატო გამოცდებს.
თუ მოსწავლემ ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მას ეძლევა საშუალება მომდევნო წლებში კვლავ გავიდეს გამოცდებზე.~
მან ასევე ყურადღება გაამახვილა ლექსების ზეპირად სწავლის აკრძალვაზე და განმარტა.
`არც ერთ კანონსა და კანონქვემდებარე აქტში არ არის გათვალისწინებული, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მოსწავლეს ზეპირად არ მისცეს ლექსი ან პროზაული ნაწარმოების განსაკუთრებული ადგილები. ქართული ენისა და ლიტერატურის სასწავლო გეგმაში გამოკვეთილია სამი ძირითადი მიმართულება: ზეპირმეტყველება, კითხვა, წერა. რაც შეეხება სწავლების მეთოდებს, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის შესაბამისად, ზეპირი და წერითი მეტყველების უნარ-ჩვევების განსავითარებლად, დასახული მიზნის მისაღწევად, მასწავლებელი ახდენს სხვადასხვა ტიპისა და სირთულის მქონე დავალებების შერჩევას ან შედგენას. მასწავლებელი თუ ჩათვლის, რომ მიზნის მიღწევაში მას დაეხმარება ლექსის ან პროზაული ნაწარმოების განსაკუთრებული ადგილების ზეპირად სწავლა, მას ერთპიროვნულად შეუძლია გადაწყვიტოს საკითხი და მოსწავლეს მისცეს დავალება ამა თუ იმ ლექსის ან ტექსტის ზეპირად სწავლის თაობაზე,~ _ აღნიშნა მარინე მეხრიშვილმა.
დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის განმარტებიდან ჩანს, რომ კანონში არსადაა მითითებული მუხლი, რომელიც პედაგოგებს მოსწავლეებისთვის ლექსის ზეპირად სწავლის მოთხოვნას აუკრძალავს. `სპექტრი~ შეეცადა გაერკვია, რატომ გაჩნდა ეს საკითხი განსჯის საგანი. როგორც აღმოჩნდა, ეს ტალღა სხვადასხვა დროს სკოლებში ჩატარებულ ტრენინგებს მოჰყვა, სადაც აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რომ `არ არის აუცილებელი მოსწავლემ ლექსი თავიდან ბოლომდე დაიზეპიროს, მთავარია, ის გააზრებულად იცოდეს.~ ფილოლოგი ჯულიეტა პოპიაშვილი ამბობს, რომ მას არაერთი ტრენინგი აქვს გავლილი, სადაც პედაგოგს პირდაპირ უთითებენ გააზრებაზე ორიენტირებულ სწავლებას. `არაერთი ტრენინგი მომისმენია, სადაც ტენდენცია მიდის იქით, რომ ძველებურად ლექსის თავიდან ბოლომდე სწავლება აღარაა სავალდებულო. არის ლექსები, რომლებსაც ბავშვები თავადვე იწონებენ და სურვილს გამოთქვამენ ბოლომდე დაიზეპირონ, მაგალითად `მერანი~, შესაძლოა, მთლიანად არა, მაგრამ ის სტროფი ისწავლონ, რომელიც მოეწონებათ. ასე რომ დასკვნა ასეთია, არც გვიკრძალავენ, არც გვაიძულებენ. პირადად მე, როგორც ქართულის პედაგოგი, ვთვლი, რომ მთავარია ცოდნის ხარისხი, თავად ვარჩევ საზეპიროს, აქცენტს ვაკეთებ იმაზე, რაც ბავშვს მომავალში აუციულებლად დასჭირდება, გააზრებულ სწავლებას ვერ ვენდობი. ახლა ყველაფერი კარგია, მაგრამ ძველ მეთოდებსაც უნდა დავეყრდნოთ. სრული უფლება მაქვს თავად განვკარგო საზეპიროთა რაოდენობა, ვიფიქრო და ვიყო შედეგზე ორიენტირებული და ამაში ვერც მოსწავლე შემედავება, ვერც ვინმე ჩამითვლის ცუდ-ქართულობაში,~ _ აღნიშნა `სპექტრთან~ საუბარში ჯულიეტა პოპიაშვილმა.
საზოგადოების აზრით, ტრენინგები, რომელიც ხშირად უცხოური ტრანსფერებითა და გრანტებით ფინანსდება, რაღაც არატრადიციულს შთაგვინერგავენ. ამ შემთხვევაში ისევ და ისევ ჩვენი გამოცდილი პედაგოგების იმედად ვრჩებით, რომლებიც არ უღალატებენ იმ პრინციპებს, რასაც მომავალი თაობის პატრიოტული მუხტით აღზრდა ჰქვია. თაობის, რომელზეც ჩვენი ქვეყნის აწმყო და მომავალი დგას.
ლალი მეხრიშვილი