2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, მკვეთრად შეიცვალა ხელისუფლების დამოკიდებულება განათლების სისტემაში დასაქმებული პიროვნებების მიმართ. თავდაპირველად, მინისტრის მითითებით, პროფკავშირებს სკოლის დირექტორებთან ხელშეკრულებების გაფორმება მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აუკრძალეს საწევროების გადახდა. პარალელურად, დაიწყეს შტატების შემცირება, სკოლების ოპტიმიზაცია, ასევე გააუქმეს რამდენიმე სკოლა-ინტერნატი, თუმცა ამის თაობაზე განმარტებები არც თანამშრომლებს მისცეს და არც მედიასაშუალებებთან აკეთებენ კომენტარს.
ამ ცვლილებების ათვლა თვითმმართველობის არჩევნებიდან იმიტომ დავიწყეთ, რომ მოსახლეობის აზრით, ხელისუფლება აღნიშნული ღონისძიებების განხორციელებას სწორედ რომ არჩევნების ჩამთავრებას ალოდებდა, რადგან საზოგადოების მხრიდან ამ `რეფორმებს~ ყველა შემთხვევაში უკმაყოფილება მოჰყვებოდა, რაც წინასაარჩევნოდ მათთვის არახერსაყრელი იყო.
რამდენიმე კვირის წინ გურჯაანის ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა სკოლა-ინტერნატში და ასევე ბოდბის #2 საჯარო სკოლა-პანსიონში ზოგადი განათლების პროგრამების დეპარტამენტიდან ჩამოვიდა კომისია ლალი ებანოიძის ხელმძღვანელობით. მათ დაათვალიერეს საგანმანათლებლო დაწესებულების ბაზა, გაესაუბრნენ თანამშრომლებს და წასვლის წინ გამოაცხადეს, რომ "უახლოეს მომავალში ამ სკოლების ლიკვიდაცია მოხდება".
გურჯაანის სპეც. სკოლა-ინტერნატი კურორტ `ახტალის~ ბაზაზე 1978 წელს ჩამოყალიბდა (აღსანიშნავია, რომ საზოგადოება, სკოლა-ინტერნატის გაუქმებას კურორტ ახტალის გაყიდვას უკავშირებს ავტ.). მისი დანიშნულება ცერებრალური დამბლითა და პოლიომიელიტის ნარჩენი მოვლენებით დაავადებული ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო კურსის ჩატარება და პარალელურად, ზოგადი განათლების მიცემა იყო. ბოლო რამდენიმე წელია, რაც განხორციელდა შტატების შემცირება, ამ ეტაპზე ორგანიზაციის ბალანსზე ირიცხება, სასწავლო და საძინებელი კორპუსები, სასადილო, სამრეცხაო და აბანო. დასაქმებულია 90 ადამიანი. სასწავლო კონტინგენტი შეადგენს 75-ს.
რადგან გურჯაანის სპეც. სკოლა-ინტერნატის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აღნიშნულ პრობლემებზე არ საუბრობენ, იძულებული გავხდით რიგით თანამშრომლებს დავკავშირებოდით:
ნორა ნაცვლიშვილი, ძიძა: `1971 წლიდან ამ ორგანიზაციის თანამშრომელი ვარ. სხვადასხვა წლებში ვმუშაობდი ფსიქო-ნევროლოგიის ექთნად, მასაჟისტად, ძიძად. გვყავდა ორთოპედი, თვალისა და კბილის ექიმი, ნევროპათოლოგი, რომლის უშუალო მეთვალყურეობით მიმდინარეობდა მკურნალობის კურსი. გაზაფხულზე და შემოდგომაზე ბავშვებს ინტენსიურად უკეთდებოდათ ტალახის ვანები, ზამთრობით კი პარაფინის; საჭიროების შემთხვევაში ვიყენებდით თაბაშირს. ხდებოდა დაჭიმულობაზე ორთოპედიული შეხვევები. ინტენსიურად უტარდებოდათ მასაჟები. ყველა სამედიცინო დანიშნულება კეთდებოდა გაკვეთილების შემდეგ. შედეგებიც კარგი გვქონდა. მოსწავლეები საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან გვყავდა, აფხაზეთიდან, აჭარიდან, იმერეთიდან, გურიიდან, პანკისიდან და სხვა.~
ქალბატონი ნორა იმ პერიოდზეც საუბრობს, როცა 9 ლარზე უწევდათ მუშაობა, მაგრამ სამსახური არ მიუტოვებიათ და დაკისრებულ მოვალეობასაც პირნათლად ასრულებდნენ.
"არც ამჟამად გვაქვს მაღალი ხელფასი, მაგრამ ამ გაჭირვებულ ყოფაში ჩვენი ოჯახებისთვის კაპიკებიც დიდი შეღავათია. უნდა გენახათ, რა ამბავი იყო, როცა გამოგვიცხადეს, რომ ინტერნატი უქმდებაო, ყველაზე საშინელი წლები გადავიტანეთ, დღემდე შევინარჩუნეთ ბაზაც, პროფილიც და ახლა ისე გვიშვებენ სახლებში მიზეზსაც არ გვეუბნებიან," _ ამბობს იმედგაცრუებული ქალბატონი.
ნორა ნაცვლიშვილი იმასაც იხსენებს, თუ როგორი მადლიერები იყვნენ მშობლები, როცა ახტალის ტალახითა და მათი მზრუნველობით მიღებულ შედეგს ხედავდნენ.
"რომელი ერთი გავიხსენო, ზოგადად კმაყოფილ მშობლებს ბევრჯერ გადაუხდიათ მადლობა, მათგან განსაკუთრებულად ერთი მახსენდება. მოსწავლე გვყავდა ხარაგაულიდან _ სერგო შველიძე, ორივე ფეხის სპასტიური დიპლეგია ჰქონდა, როცა მოიყვანეს პატარა იყო, სკოლამდელი ასაკის, გადაადგილება არ შეეძლო. ტალახის ვანებისა და ინტენსიური მკურნალობის შედეგად, ისე გაიმართა, საკუთარ თავს დამოუკიდებლად უვლიდა, ზოგადი განათლებაც აქ მიიღო და შემდეგ უმაღლესიც დაამთავრა. მისი ოჯახის წევრები დღემდე ემადლიერებიან სკოლა-ინტერნატის ყველა თანამშრომელს," _ აღნიშნავს ქალბატონი ნორა და აქვე დასძენს, რომ მისი აზრით, ამ მადლიანი საქმის სანაცვლოდ ინტერნატის ბაზაზე როგორი მნიშვნელოვანი დაწესებულებაც არ უნდა დააარსონ, მაინც არასწორი გადაწყვეტილებაა.
ანა ქადაგიშვილი, ექიმი-პედიატრი: "ეს მოულოდნელი ამბავი დამთრგუნველი იყო როგორც ჩემთვის, ისე მოსწავლეებისთვისაც, განსაკუთრებით კი, გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდებისთვის. ინტერნატი მათთვის მთელ სამყაროს წარმოადგენდა, აქ ზრუნავდნენ და ისეთ ყურადღებას აქცევდნენ, საკუთარ სახლში რომ არ ჰქონდა ზოგიერთს. ამ გადაწყვეტილების შემდეგ კი, შეიძლება ქუჩაში აღმოჩნდნენ, ხოლო ისინი, ვინც ადაპტაციის გარეშე საჯარო სკოლაში გადავლენ, ფსიქოლოგიურად ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდებიან," _ ამბობს ექიმი-პედიატრი. მისი აზრით, ამ ბავშვების ინკლუზიური სწავლების პროგრამაში ჩართვა შეუძლებელი კი არა, უბრალოდ ირონიის მომგვრელია.
"ინკლუზიური სწავლების ამ ბავშვებთან დაკავშირება ცოტა ირონიულია. უმრავლესობა ცერებრალური დამბლითაა დაავადებული, არიან ასევე უნარშეზღუდული ბავშვები, დაუნის სინდრომითა და სხვადასხვა სამშობიარო ტრავმით დაავადებულები. ისინი ვერ ივლიან ჩვეულებრივ სკოლებში, ვერანაირად ვერ დაძლევენ სასწავლო პროგრამას იმიტომ, რომ არ აქვთ შესაბამისი ფუნდამენტი," _ აღნიშნავს ანა ქადაგიშვილი. ექიმი-პედიატრის შეხედულებები აბსოლუტურად ემთხვევა ერთ-ერთი მშობლის მოსაზრებებს, რომელსაც მიაჩნია, რომ მისი შვილი სწორედაც, რომ სპეციალურ სკოლა-ინტერნატში გრძნობს თავს კომფორტულად.
ბელა ბერიანიძე, მშობელი: "ჩემი შვილი ნოდარ ჭამიაშვილი გურჯაანის სპეც. სკოლა-ინტერნატში ფსიქო მოტორული გონებრივი ჩამორჩენის დიაგნოზით მივიყვანეთ, ბავშვი ტვინში სისხლის ჩაქცევით დაიბადა, გონებრვად შეფერხებულია და მხედველობის პრობლემაც აქვს. უფროსი ბიჭი გურჯაანის #4 საჯარო სკოლაში მეთერთმეტე კლასში სწავლობს, არ მინდა მას ვინმემ წამოაძახოს `ეს როგორი ძმა გყავსო~, თანაც ძალიან მომწონს სკოლა-ინტერნატის პედკოლექტივი. განსაკუთრებით კლასის დამრიგებელი ლალი ძირკველიშვლი. ვთვლი, რომ ბავშვი მათთან კარგად გრძნობს თავს და მიმაჩნია, რომ ასეთი ტიპის სასწავლებელში უნდა სწავლობდეს, რადგან ჩვეულებრივ სკოლაში ვერ შეძლებს პროგრამის ათვისებას და რაც არ უნდა ვეცადოთ, მაინც ყველასგან გამორჩეულად, დაჩაგრულად იგრძნობს თავს," _ ამბობს ქალბატონი ბელა და აღნიშნავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ვიზიტს გურჯაანის გამგებელთანაც გეგმავს.
სპეც. სკოლა-ინტერნატის მოსწავლე თამთა მარგველაშვილი თბილისიდანაა, ჰყავს მშობლები და უმცროსი და-ძმა. არ ახსოვს ოჯახის წევრები ბოლოს როდის ნახა და როდის მოიყვანეს ინტერნატში, თუმცა აღმზრდელები ცდილობენ შეახსენონ, რომ ორი წლიდან ამ სკოლაშია. ისიც ხალისით ეთანხმება და ამბობს, რომ თვლა არ იცის, თუმცა ოცამდე უპრობლემოდ ითვლის, ლექსებსაც ამბობს. გამომშვიდობებისას კი საქართველოს ჰიმნსაც ასრულებს და მელოდიის შენარჩუნებასაც ცდილობს, არ იცის სკოლის ლიკვიდაციის შემდეგ სად წაიყვანენ (ვიდეო იხ.www.speqtriwordpress.com).
გურჯაანის სპეც. სკოლა-ინტერნანტის დირექტორი მარინა ჭუჭულაშვილი დღის განმავლობაში მობილურ ტელეფონზე არ გვაპასუხობდა, როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთმა აღმზდელმა შეატყობინა, რომ "სკოლაში ჟურნალისტი შენიშნა". დირექტორი თანამშრომლის მანქანით სწრაფადვე მოვიდა, ჩვენდა გასაოცრად, არა თანამშრომლებისა და მოსწავლეების ინტერესების დასაცავად, არამედ ორგანიზაციის კუთვნილი ტერიტორიიდან ჩვენს გასაძევებლად. აგვიკრძალა იმ ბავშვების გადაღება, რომლებსაც ჩვენივე თანდასწრებით რიგითმა მოქალაქეებმა სწორედ იმ დროს მოუტანეს სამახსოვრო ფოტოები. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი მარინა გვიმტკიცებდა, "განათლების სამინისტროში ჩატანილ ბავშვების ფოტოებსაც კი ზედ უნდა ერთვოდეს მშობლების ნებართვაო", აშკარა იყო რეალობა სხვა ფაქტზე მიანიშნებდა. შეგვახსენა ბავშვთა უფლებების კონვენცია და იმ მშობელების ნებართვაც მოითხოვა, როლებსაც თითქმის წლებია საკუთარი შვილები არ უნახავთ.
"უკომენტაროდ, უკომენტაროდ, მე არა ვარ თანახმა არანაირ კომენტარზე, ვიცით, რომ მოხდება ლიკვიდაცია, რა არის ამაში ცუდი?! ეს ბავშვები იმ სკოლაში წავლენ, სადაც ინკლუზიური სწავლება იქნება, მაგალითად რკინიგზის სკოლაში, აუცილებელია ამ ბავშვების ინტეგრაცია," _ მოკლედ და კონკრეტულად აღნიშნა მარინა ჭუჭულაშვილმა.
ლიკვიდაცია ემუქრება, ასევე სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბის #2 საჯარო სკოლა პანსიონს. ადმინისტრაციამ ამის შესახებ გაფრთხილება განათლების სამინისტროსგან უკვე მიიღო. სკოლა-პანსიონის დირექტორი, ნათელა კოჭლამაზაშვილი ინტერნატის შესაძლო დახურვას არ გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ, ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
"ოფიციალური ბრძანება არ მიგვიღია, უბრალოდ გაგვაფრთხილეს. ზაფხულის პერიოდია და ამ დროისთვის ყველა ბავშვი თავის სახლშია გაგზავნილი. სკოლა-პანსიონის პედ-კოლექტივი ისევ აგრძელებს მუშაობას, მაგრამ სანამ ჩვენი ბედი არ გადაწყდება ახალი ბავშვების მიღებაზე თავს ვიკავებთ.“ – აღნიშნა “სპექტრთან” საუბარში ნათელა კოჭლამაზაშვილმა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, თემურ ბალარჯიშვილის თქმით, ბოდბის #2 საჯარო სკოლა პანსიონური მომსახურეობით ალბათ მალე გაუქმდება და განათლების სამინისტროს მიერ მოხდება მოსწავლეების გადანაწილება სხვადასხვა სკოლა-პანსიონებში.
" რესპებლიკაში დაახლოებით 3 თვის მანძილზე ხდებოდა სკოლა-პანსიონების შესწავლა, როგორც მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, ასევე, მოსწავლეებისა და პედაგოგების კონტიგენტის თვალსაზრისით.
15 ივლისს, ზოგადი განათლების პროგრამების დეპარტამენტიდან ჩამოვიდა კომისია ლალი ებანოიძის ხელმძრვანელობით, მათ დაათვალიერეს ზემო ბოდბის სკოლა-პანსიონი და გამოგვიცხადეს რომ მოხდებოდა აღნიშნული სკოლის ლიკვიდაცია. ბრძანება დოკუმენტის სახით ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ, ალბათ, მალე დაიწერება და დაიხურება ბოდბის სკოლა-ინტერნატი.” – განმარტა “სპექტრთან” საუბარში თემური ბალარჯიშვილმა.
ბოდბის სკოლა-პანსიონში 9 კლასის ბაზაა.Aაქ 18 მასწავლებელია და 48 ბავშვი ირიცხება. ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი 20 ადამიანისგან შედგაბა.
ზემო ბოდბის #2 საჯარო სკოლა პანსიონური მომსახურეობით 1967 წელს დაარსდა და დამხმარე სკოლა ინტერნატის სახელით მოიხსენიებოდა. აქ სწავლობდნენ კახეთის რეგიონში მცხოვრები მცირე გონებრივი შეფერხების მქონე მოზარდები.
აღსანიშნავია, რომ ბოდბისა და გურჯაანის სკოლა-ინტერნატი გამოირჩევა როგორც კარგი ინფრასტრუქტურით, ასევე ადგილ-მდებარეობით. ბოდბის სკოლა-პანსიონი ითვლებოდა საკურორტო ადგილად და წლების განმავლობაში საზაფხულო ბანაკიც იყო გახსნილი. სწორედ ამის გამო ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღნიშნული ობიექტები შესაძლოა კარგ ფასად გაიყიდოს და ესაა ლიკვიდაციის მიზეზი.
`სპექტრი~ მთელი დღის განმავლობაში უკავშირდებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნომერზე 8 (32)318940. ჩვენი
დაჟინებული ზარების მიუხედავად (13 ზარი) ოპერატორმა მხოლოდ ერთხელ გვიპასუხა და შეეცადა ლალი ებანოიძის შიდა ტელეფონზე ჩვენს დაკავშირებას, მიუხედავად იმისა, რომ ხანმოკლე საუბარი 14 საათსა და 30 წუთზე შედგა და შესვენებაც კარგა ხნის დამთავრებული იყო, ოპერატორმა დამაჯერებლად აღნიშნა, რომ შესაძლებელია ქალბატონი ლალი შესვენებიდან ჯერ არ დაბრუნებულა და მოგვიანებით გადმორეკეთო. მოგვიანებით კი ჩვენს ზარს საერთოდ აღარ უპასუხა. კითხვები გადავაგზავნეთ ასევე სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე:
1. რატომ გადაწყდა სპეც სკოლა-ინტერნატების (გურჯაანის და ზემო ბოდბის) გაუქმება?
2. რა ბედი ეწევათ იმ ბავშვებს, რომლებიც ამ ეტაპზე აღნიშნული სკოლების აღსაზრდელები არიან?
3. სამომავლოდ რისი დაარსება იგეგმება სკოლა-ინტერნატების ბაზაზე?
4. არის თუ არა კახეთის რეგიონში არსებულ საჯარო სკოლებში შესაბამისი ბაზა ინკლუზიური სწავლებისთვის?
5. მიიღებენ თუ არა ეს ბავსვები რაიმე სახის კონპენსაციას და რამდენად საკმარისი იქნება ეს თანხა მათი მკურნალობისთვის?
პასუხები არ მიგვიღია.
დავუკავშირდით მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებს. საბოლოოდ, ეკა ჭუმბურიძე დაგვპირდა, რომ მართალია, ლალი ებანოიძის ტელეფონის ნომერს ვერ გაგვიმხელდა, მაგრამ `სმს~ მისწერდა და შეატყობინებდა, რომ ჟურნალისტს მასთან დაკავშირება უნდოდა. დღის ბოლომდე უშედეგო ლოდინის შემდეგ ისევ ეკას დავუკავშირდით, რომელმაც გვიპასუხა, რომ `გეთანხმებით, კარგი იქნება თუ სტატია უკომენტაროდ არ დაიბეჭდება, მაგრამ ქალბატონი ლალი არც ჩემს ზარს პასუხობს, ალბათ შეხვედრაზეა~. ჩვენ კიდევ ერთხელ ვთხოვეთ მომდევნო დღისთვის მაინც გადმოეგზავნათ კომენტარი, კვლავ უშედეგოდ. როგორც ჩანს, ქალბატონ ლალი ებანოიძეს უფრო მნიშვნელოვანი შეხვედრები აქვს, ვიდრე ქუჩაში გაყრილი ასამადე მოქალაქისა და ამდენივე მზრუნველობამოკლებული მოზარდის კითხვებზე პასუხის გაცემაა.