არასამთავრობო ორგანიზაცია "მეცენატმა" (საინფორმაციო სააგენტო
speqtri.ge, გაზეთი "სპექტრი") ოქტომბრიდან დაიწყო
პროექტი, "ახალგაზრდები უსაფრთხო მომავლისათვის". პროექტის
მიზანია ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება.
მასში გურჯაანის მუნიციპალიტეტის შვიდი საჯარო სკოლის (ქალაქის ოთხი
და სოფლები-ჩუმლაყი, ზემო გურჯაანი, ჭანდარი) 40 მოსწავლეა ჩართული.
სამართლებრივი განათლება, ახალი მედიის
მიმართულება,
მულტიმედია
პროდუქტის წარმოება- მედია კლუბის სატრენინგო საკითხებია.
"პროექტმა ყველა მოლოდინი გამიმართლა. სწავლისთვის მაქსიმალური
ხელშეწყობა გვაქვს. საუკეთესო გარემოა. მიხარია, რომ სხვა
კონკურსანტებთან ერთად მეც შემარჩიეს. სიუჟეტზე მუშაობისას ბევრი რამ
ვისწავლე. აქამდე არ ვიცოდი, რა პრინციპით გადამეღო კადრები,
კითხვებისთვის სწორი ფორმა როგორ შემერჩია. საერთოდ როგორ კეთდებოდა
მონტაჟი. ეს ყველაფერი ახალი და საინტერესოა ჩემთვის. მიმაჩნია, რომ
ჩვენი მუშაობა და ამ ყველაფრის გადატანა სამართლებრივი განათლების
კუთხით თითოეულ ჩვენგანს გამოგვადგება."- გვითხრა
თამთა მურაკაშვილმა.
პროექტს დადებითად აფასებს კიდევ ერთი მონაწილე ლევან
ჯაჯანაშვილი.
" პროექტის ფარგლებში ბევრ საკითხს ვსწავლობთ. უკვე შემიყვარდა
ჟურნალისტიკა. მომეწონა სიუჟეტის მომზადების პროცესი. მართალია, ცოტა
დამღლელი ყოფილა, მაგრამ რომ დაასრულებ და შენს ნამუშევარს ნახავ,
კარგი განცდაა. ვისწავლე სონი ვეგასის გამოყენება. მაგალითად, ხმის
დადება შორიდან ადვილი ჩანს, მაგრამ თურმე ბევრად რთულია.
საბოლოოდ მივხვდი, რომ ძალიან მომწონს მულტიმედია პროდუქტის
შექმნა."
აღნიშნულ პროექტს "მეცენატი" PH International-ის "საზოგადოების
ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი
განათლებისთვის" (GE CALLS) დაფინანსებით, აშშ-ს საერთაშორისო
დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან
ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით
ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები