რამდენიმე დღის წინ გურჯაანში, ნონეშვილის გამზირზე ავტოსაგზაო
შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მოტოციკლი და ჟიგულის მარკის ავტომობილი
შეეჯახა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, რომ არა გზაგამყოფი ბეტონის
ფილები, ამ შემთხვევის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.
გურჯაანელებმა საფრთხეზე საუბარი ფაქტობრივად გზაგამყოფის
დამონტაჟებისთანავე დაიწყეს, თუმცა, უშედეგოდ.
გასულ კვირას მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, საბედნიეროდ მსხვერპლი
არ მოჰყოლია. შეჯახების შედეგად მოტოციკლის მძღოლმა ტვინის შერყევა
მიიღო და სასწრაფო დახმარების მანქანით გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის
საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც გურჯაანელები ამბობენ, ნონეშვილის
გამზირზე ხშირად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევა და ავარიული სიტუაციებიც
იქმნება. ამის მიზეზად კი გზაგამყოფ ფილებს ასახელებენ, რომელიც 2010
წელს გაკეთდა. ამის გამო უკმაყოფილებას ტაქსის მძღოლებიც
გამოთქვამენ.
ჩვენთან საუბარში კობა ბერიაშვილმა აღნიშნა, რომ გზაგამყოფი ზოლის
მოწყობის შემდეგ მანქანების სავალი ნაწილი საკმაოდ დავიწროვდა და
ხშირად პრობლემები ექმნებათ.
-"აქ ასეთი რაღაცის გაკეთება, მიზანშეწონილი არ იყო, გზა ძალიან
დავიწროვდა. მანქანებს რომ აჩერებენ, კიდევ უფრო პატარა ადგილი რჩება,
ზოგჯერ გვერდის ავლაც შეუძლებელია. სწორედ ეს არის ცენტრში
გახშირებული ავარიების მიზეზიც. თორემ მანამდე მსგავსი შემთხვევები
ასეთი მასიური არ იყო. ალბათ იცით, რომ ცოტა ხნის წინ მოტოციკლი და
ჟიგული ერთმანეთს შეეჯახნენ. ცემენტის ფილები რომ არ ყოფილიყო, ალბათ
გვერდის ავლას შეძლებდნენ და ეს არ მოხდებოდა," _ აღნიშნა მან.
მსგავს მოსაზრებას გამოხატავს ლევან იასეშვილიც.
"მანქანები გიჟებივით დარბიან, ცენტრია და ასეთი დიდი სისწრაფით
მოძრაობა არ შეიძლება. ზოგი კიდევ ისე აჩერებს, რომ ადგილზე ქმნის
ავარიულ სიტუაციას. ერთი პერიოდი ისიც ითქვა, გზაგამყოფები უნდა
აიღონო, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა. თუ მძღოლების აზრს ვინმე
გაითვალისწინებს, უკეთესი იქნება."
გურჯაანის
მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ზურა
დანელიშვილის თქმით, მოსახლეობამ ეს საკითხი რამდენჯერმე წამოჭრა,
მაგრამ მისი მოგვარება დღემდე ვერ მოხერხდა.
-"ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ, ამის შესახებ მოსახლეობამ
რამდენჯერმე მოგვმართა და დავპირდით კიდეც, რომ პრობლემას
მოვაგვარებდით. როდესაც ინფრასტრუქტურული საკითხები განხილებოდა და
დაიწყო მსჯელობა ფული სად და როგორ გადაენაწილებინათ, ეს საკითხი
არაერთხელ დავაყენე, მაგრამ ვერაფერს მივაღწიე. ხალხი შეწუხებულია შუა
გზაზე აღმართული ბარიკადებით. ეხლა რომც შევთანხმდეთ, ამის გაკეთება
შეუძლებელია, იმიტომ, რომ თანხები აღარ არის. ალბათ, ეს პრობლემა
მომავალი წლისთვის მაინც მოგვარდება."
გურჯაანის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, ეკონომიკისა და
ინფრასქტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის ირაკლი
მინდიაშვილის განმარტებით, 2010 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის
60 ათას 800 ლარი გამოიყო, რომლის ფარგლებშიც გზაგამყოფი ზოლი,
ბორდიურები, ტრორუარები და გაზონები მოეწყო.
"სპექტრი" დაინტერესდა, რამდენი საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა 2010
წლიდან დღემდე ნონეშვილის გამზირზე. ამ კითხვით შინაგან საქმეთა
სამინისტროს პრესსამსახურს შორენა ჯახუას მივმართეთ, რომელმაც გვთოვა,
კითხვები ელექტრონული ფოსტით გადაგვეგზავნა. თუმცა, დაპირების
მიუხედავად, პასუხი დღემდე არ მიგვიღია.
აქვე შეგახსენებთ, რომ 2011 წლ
ის თებერვალში გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის
მოადგილე გიორგი პეტრუზაშვილი "სპექტრთან" საუბარში განმარტავდა, რომ
აღნიშნულ ტერიტორიაზე გაჩერებული მანქანები მოძრაობას არანაირად არ
აფერხებს. თუმცა საპირისპიროს ამტკიცებდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარე ზაქარია იაგანაშვილი.
-"გზის სივიწროვეს გზაგამყოფი კი არ ქმნის, არამედ თავად მოქალაქეები.
ერთ რამეს უნდა მიექცეს ყურადღება, მძღოლები ავტომობილებს არასწორად
აჩერებენ, რის გამოც გზა ვიწროვდება და შესაბამისად, თავისუფალად
მოძრაობაც ჭირს. აღნიშნული საკითხი ნამდვილად პრობლემურია, სწორად
ამიტომ ჩვენ ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაზაფხულზე
ნონეშვილისა და გურამიშვილის, ასევე ნონეშვილისა და რუსთაველის ქუჩის
კვეთაზე დავდგათ შესაბამისი საგზაო ნიშნები. ავტომობილების მოძრაობის
დარეგულირების მიზნით, დავდგამთ პარკირების ნიშანს იქ, სადაც
მანქანებს აჩერებენ."
ამის მიუხედავად, დღემდე არც ერთი საგზაო ნიშანი არ დგას. მეტიც,
პარკირების ზოლი, რომელიც თავის დროზე ასფალტზე მონიშნეს, ისიც
წაიშალა და შესაბამისად, მძღოლები მანქანებს სურვილის მიხედვით,
ქაოსურად აჩერებენ.
მასალის გამოყენების პირობები