ევროკომისიის და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადება
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღებასთან
დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
მათი განმარტებით, ამ კანონის მიღება ევროკავშირის გზაზე საქართველოს
წინსვლაზე უარყოფითად აისახება.
„ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს მოსახლეობას და მხარს უჭერს
მის არჩევანს დემოკრატიის და საქართველოს ევროპული მომავლის
სასარგებლოდ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური
ლიდერების, ჟურნალისტების და ასევე მათი ოჯახების წინააღმდეგ
განხორციელებული დაშინება, მუქარა და ფიზიკური ძალადობა მიუღებელია.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ეს დოკუმენტირებული ქმედებები
გამოიძიოს.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი იმის
გათვალისწინებით მიანიჭა, რომ ქვეყანა განახორციელებდა ევროკომისიის
მიერ 2023 წლის 8 ნოემბერს რეკომენდებულ 9 ნაბიჯს. ეს ნაბიჯები
ადამიანის უფლებების დაცვას და სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ისევე
როგორც მედიისთვის თავისუფლად მუშაობის უზრუნველყოფას მოითხოვს. ისინი
ასევე დეპოლარიზაციას და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის
აუცილებლობას შეეხება.
თუმცა, მიუხედავად ფართომასშტაბიანი პროტესტისა და საერთაშორისო
საზოგადოების ცალსახა მოწოდებებისა, საქართველოს მმართველმა
უმრავლესობამ პარლამენტში მესამე მოსმენით მიიღო კანონი „უცხოური
გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ევროკავშირმა ნათლად და არაერთხელ
განაცხადა, რომ კანონის სულისკვეთება და შინაარსი ევროკავშირის
ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება. ეს კანონი ძირს
გამოუთხრის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის
მუშაობას, იმის გათვალისწინებით, რომ შეკრების თავისუფლება და
გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებებია და სწორედ მათ
ეფუძნება საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და
ევროკავშირში გაწევრიანების ფარგლებში აღებული ვალდებულებები.
ამ კანონის მიღება ევროკავშირის გზაზე საქართველოს წინსვლაზე
უარყოფითად აისახება. არჩევანი თუ რა გზით გაგრძელდება სვლა,
საქართველოს ხელშია. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გაიწვიოს
კანონი, შეინარჩუნოს ევროკავშირის გზის ერთგულება და 9 ნაბიჯში
ასახული აუცილებელი რეფორმები განახორციელოს.
ევროკავშირი მზად არის გააგრძელოს ევროპული მომავლისკენ მისწრაფების
მქონე საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა“, - ნათქვამია
განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები