ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
პროფესორ-მასწავლებლები რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის
მონაწილე სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებენ და განცხადებას
ავრცელებენ.
“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს გვსურს
ოფიციალურად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე
პროცესებთან დაკავშირებით და შევუერთდეთ ჩვენი სტუდენტების
სულისკვეთებას. კერძოდ, მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია საქართველოს
პარლამენტის მიერ ე.წ. „რუსული კანონის“ ნებისმიერი ფორმით მიღება და
საჭიროა, დაუყოვნებლივ შეწყდეს აღნიშნული განხილვა, რადგან ის ძირს
უთხრის ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს და აბრუნებს ქვეყანას
მძიმე წარსულში, რომელსაც ჩვენმა საზოგადოებამ არაერთხელ მკაფიოდ
უთხრა უარი.
ვგმობთ ნებისმიერი ტიპის ძალადობასა და დაშინების მცდელობას, რასაც
ბოლო კვირების განმავლობაში მასობრივად აქვს ადგილი საპროტესტო
აქციების მონაწილეების მიმართ. მათ შორის, ფიზიკურად უსწორდებიან
სტუდენტებს, ემუქრებიან და შეურაცხყოფას აყენებენ კრიტიკულად
განწყობილ პროფესორ-მასწავლებლებს.
კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ვდგავართ ჩვენი სტუდენტების
გვერდით და გამოვდივართ მათი და ჩვენი ქვეყნის საუკეთესო
ინტერესებიდან. შესაბამისად, ვუერთდებით სტუდენტებს აქციებზე და თუკი
ისინი გადაწყვეტენ შეაჩერონ სასწავლო პროცესი, ჩვენც შევუერთდებით მათ
ამ გადაწყვეტილებას. გაცდენილი ლექცია-სემინარები კი აღდგება
მოგვიანებით, ისევ სტუდენტებთან შეთანხმებით.
აქვე, მოვუწოდებთ უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას,
რომ ღიად და მკაფიოდ დააფიქსიროს პოზიცია „რუსული კანონის“,
სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მიმართ ძალადობისა და
დაშინების მცდელობის შესახებ და უზრუნველყოს, რომ პრობლემები არ
შეექმნათ პროტესტის მონაწილე სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ
პერსონალს,” -აღნიშნულია
განცხადებაში.
თსუ-ს სტუდენტებმა გაფიცვის შესახებ განცხადება გუშინ, 11 მაისს
გაავრცელეს. გაფიცვას უერთდებიან საქართველოს სხვადასხვა
უნივერსიტეტის სტუდენტებიც. ამ დროისთვის, გაფიცვას უერთდებიან:
•
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები;
•
GIPA-ს სტუდენტები;
•
საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები;
•
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტები;
• თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტები;
• კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები;
• ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტები;
• ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტები;
• თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები;
• საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები;
• შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები;
• თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები;
• საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო
უნივერსიტეტის სტუდენტები;
მასალის გამოყენების პირობები