დროა, შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავლის საძიებლად, ურთიერთობებმა გადაინაცვლოს ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან - საპატრიარქოს მორიგი განცხადება
საქართველოს საპატრიარქო მორიგ განცხადებას ავრცელებს და რუსული
კანონის წინააღმდეგ მიმართულ ფართომასშტაბიან აქციებს ეხმაურება და
ხელისუფლებას ახალგაზრდებთან დიალოგისაკენ მოუწოდებს.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა აღნიშნული
განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც გუშინ, 30 აპრილს,
სამართალდამცავებმა მშვიდობიანი მომიტინგეები დაარბიეს.
“გულისტკივილით ვადევნებთ თვალს იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის
წინა დღეებში რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს.
დამაფიქრებელია ის დაძაბული ვითარება და პოლარიზება, რომელიც ჩვენს
საზოგადოებაში არსებულმა ბოლოდროინდელმა აზრთა სხვადასხვაობამ
გამოიწვია.
სამწუხაროდ, ადამიანები დაუფარავად ავლენენ ერთმანეთისადმი სიძულვილს,
კატეგორიულ მიუღებლობას და რადიკალურ დამოკიდებულებას განსხვავებული
აზრისა და პოზიციის გამო, უთანხმოება ყოველდღიურად ღრმავდება და
კრიზისში შედის.
როგორიც არ უნდა იყოს გარეშე პირობები, ამ ვითარებაში სამოქალაქო
მშვიდობის დასაცავად ყველას გვეკისრება განსაკუთრებული
პასუხისმგებლობა, სახელმწიფოს, ეკლესიას, არასამთავრობო თუ პოლიტიკურ
სპექტრს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ასეთ რთულ პერიოდში ყველასათვის
ზიანის მომტანი იქნება, შეურაცხმყოფელი მოქმედებები როგორც სახელმწიფო
ინსტიტუტების და განსაკუთრებით სამართალდამცავების მიმართ, ასევე
აზრის მშვიდობიანად გამოთქმის უფლების დარღვევა ან ძალის შესაძლო
გადამეტება.
დღეს საპროტესტო შეკრების ადგილზე ძალიან ბევრი სამშობლოს ბედით
გულანთებული ახალგაზრდა დგას, ისინი სწორედ იმ თაობის წარმომადგენლები
არიან, რომელთაც საქართველოს მომავალი უნდა შექმნან. სწორედ ამიტომ,
ვფიქრობთ, დროა, შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი
გამოსავლის საძიებლად, ურთიერთობებმა გადაინაცვლოს ქუჩიდან
მოლაპარაკების მაგიდასთან. ამ პროცესის დიალოგის ფორმატში გადატანით
ხელს შევუწყობთ მოვლენების მშვიდობიანად წარმართვას და თავიდან
ავიცილებთ ჩვენი ქვეყნისა და მომავალი თაობისათვის დამაზიანებელ
შედეგებს.
ღმერთმა დალოცოს ჩვენი ხალხი და საქართველო,” - ნათქვამია
განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქომ პირველი ოფიციალური განცხადება 4 დღის
წინ, 27 აპრილს გაავრცელა და ხელისუფლებას მხარი ღიად დაუჭირა. ამ
დღის განცხადებაში სასულიერო პირები ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩართვის
საფრთხეებზე საუბრობდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც
"აგენტების კანონის" მთავარი სამიზნეა დამოუკიდებელ მედიასთან ერთად,
ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლებად და "ლგბტ ცხოვრების წესის
პროპაგანდისტებად" იხსენიებდნენ და ხელისუფლების დასავლურ კურსს
ეჭვქვეშ არ აყენებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები