დღეს, 30 აპრილს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU)
სტუდენტებმა ქუთაისში ევროპული მარში მოაწყეს და რუსული კანონი
გააპროტესტეს. მსვლელობა 17:30 საათზე დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელი
ბიძინა ივანიშვილია.
„დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანი აქტიურად ადევნებთ თვალს
მიმდინარე პროცესებს. დღეს პარლამენტში იქნება კანონპროექტის მე-2
მოსმენა, რის პარალელურადაც თბილისში მასშტაბური აქციები
მოეწყობა.
ამის ფონზე, ჩვენ, როგორც სტუდენტებს, მინიმალური რაც შეგვიძლია რომ
გავაკეთოთ, არის მხარდაჭერის ჩვენება და გამოცხადება იმ
ადამიანებისთვის, ვინც ჩვენთვისაც იბრძვის.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ცხადზე ცხადია სტუდენტების პოზიცია ამ
საკითხთან დაკავშირებით, მაინც ძალიან მნიშვნელოვანია მასობრივად ამ
პოზიციის დაფიქსირება (განსაკუთრებით გუშინდელი დღის მერე), რათა
ყველამ იცოდეს, რომ კიუ-ს სტუდენტები დგანან იქ, სადაც დგას
თავისუფალი საქართველო,” – დაწერეს სტუდენტებმა მარშის
დაწყებამდე.
სტუდენტებმა მსვლელობა ახალგაზრდობის გამზირიდან დაიწყეს და
მესხიშვილის თეატრისკენ გაემართნენ.
ევროპულ მარშს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც
შეუერთდნენ.
შეგახსენებთ,
რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება-
რუსული კანონის ხელმეორედ დაინიცირების შესახებ,
საზოგადოებისთვის 3 აპრილს გახდა ცნობილი.
იურიდიულ
საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს მხარი, პირველი მოსმენით, 17 აპრილს
დაუჭირა, რასაც საზოგადოების მხრიდან ფართომასშტაბიანი
საპროტესტო აქციები მოჰყვა.
საქართველოს
პარლამენტმა ე.წ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, იგივე
„აგენტების“ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით, 17
აპრილს მიიღო.
83 მომხრე, 0- წინააღმდეგი,
ასეთი იყო კენჭისყრის შედეგი.
გუშინ,
29 აპრილს. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მმართველი პარტიის
მიერ ორგანიზებული რუსული კანონის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
ხელისუფლებამ მოქლაქეთა მობილიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით
განახორციელა. ე.წ კონტრაქციაზე რუსული კანონის მხარდასაჭერად საჯარო
სამსახურის თანამშრომლები და მასწავლებლები
გურჯაანიდანაც წაიყვანეს.
მასალის გამოყენების პირობები