პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სამართალდამცავების
მხრიდან ძალადობასა და მისი დაკავების ფაქტზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
გუშინ, 17 აპრილს, მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე საპროტესტო
აქციის დროს, სამართალდამცავებმა პარლამენტის მოქმედი დეპუტატი, ალეკო
ელისაშვილი
ძალის გამოყენებით ჩასვეს პოლიციის
მანქანაში.
ალეკო ელისაშვილს ამ დროისთვის აღენიშნება სახისა და სხეულის
სხვადასხვა დაზიანებები, ასევე მოტეხილი აქვს ნეკნი. მისი ცემის
ბრძანების გაცემაში იგი პოლიციის უფროსს, ვაჟა სირაძეს
ადანაშაულებს.
„მთავრობის კანცელარიასთან აქციაზე პოლიციელებისთვის არც სიტყვიერი და
არც ფიზიკური შეურაცხყოფა მიმიყენებია, რადგან ფორმიან ხალხს პატივს
ვცემ. ამ ძიძგილაობაში რამდენიმე პოლიციელი იყო განსაკუთრებით
აგრესიული. განსაკუთრებით პირადი აგრესიით გამოირჩეოდა ვაჟა სირაძე,
რომელმაც რამდენიმე წუთში დაიძახა, შეათრიეთო. შემისრუტეს წამის
მეასედში.
ძირს ვეგდე კანცელარიის წინ, პოლიციის კორდონთან, და ვისაც არ
ეზარებოდა, წიხლებს და მუხლებს მირტყამდა. ერთადერთი, ბათინკებს
ვხედავდი, თავში რომ მხვდებოდა. ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. მალევე
შემიყვანეს კანცელარიაში. იქ ძალიან ცხარე კამათი მომივიდა ანზორ
ჩუბინიძესთან, რომელიც კანცელარიის ფოიეში დავინახე. ამის შემდეგ
რამდენიმე საათი გავატარე დიდუბის პოლიციაში. იქ ოქმი შეადგინეს, რომ
ეს გარიდება იყო და არა დაკავება, რადგან პარლამენტარის იმუნიტეტი
მიცავს“ ,— ამბობს ელისაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში.
იგი მიიჩნევს, რომ ეს იყო პასუხი მამუკა მდინარაძისთვის მუშტის
გარტყმისთვის.
“როგორც ჩანს, ის მუშტი სხვებმაც იგრძნეს სახეზე და გადაწყვიტეს,
მდინარაძის ნაცვლად პასუხი გაეცათ. სხვაგვარად, ასეთი აგრესია არ უნდა
წამოსულიყო,“ - ამბობს დეპუტატი.
ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ იგი აპირებს ჩივილს. მას ახსოვს
ყველა პოლიციელი, რომელიც აგრესიით გამოირჩეოდა.
ელისაშვილის თქმით, იგი ცდილობდა პოლიციის კორდონის გარღვევას და
კანცელარიაში შესვლას, რათა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან
შეხვედრა მოეთხოვა.
„არც შეიარაღებული ვყოფილვარ და არც კანცელარიის შტურმს ვაპირებდი“ ,—
ამბობს ალეკო ელისაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 15 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე
ალეკო ელისაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა
მდინარაძეს
ფიზიკურად გაუსწორდა და სიტყვიერი შეურაცყოფაც
მიაყენა. მოგვიანებით კი ჟურნალისტებთან
კომენტარიც გააკეთა.
მასალის გამოყენების პირობები