კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 6 მოვაჭრე დააჯარიმა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ
დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 6 მოვაჭრეს ჯარიმა
დაეკისრა.
ინფორმაციას, აღნიშნულთან დაკავშირებით, კონკურენციისა და
მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
“საკითხი ეხება - „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტს, რომლის საფუძველზეც, სააგენტოს
გადაწყვეტილების შესაბამისად, მოვაჭრეებს ევალებოდათ - თავისი სავაჭრო
პოლიტიკის კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში
მოყვანა.
სააგენტოს მიერ წარმოებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ
უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შესრულდა. შესაბამისად, ი/მ
მარია კალუსტიანს - 600 ლარი, შპს „დარიას“ - 1 088.27 ლარი, ი/მ
ვლადისლავ კირიაკოვს - 600 ლარი, ი/მ ალეკსანდრ ვასილევის - 600 ლარი,
შპს „ინვესტ ინ ჯორჯიას“ - 1 789.22 ლარი და შპს „ჰარვიდენტის“ - 600
ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს
გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. ასევე,
დაჯარიმების პროცედურას უწყება ახორციელებს მას შემდეგ, რაც დარღვევის
დადასტურების შემდეგ - კომპანია მომხმარებლის უფლებების დაცვის
მიმართულებით გაცემულ ვალდებულებებს არ შეასრულებს,”- ვკითხულობთ
სააგენტოს განცხადებაში.
ცნობისთვის, დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტოს
გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად
შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ეკისრება ჯარიმა. ჯარიმის ოდენობა
არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის
2%-ს. ამასთანავე, იგი 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. 12 თვის
განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს
დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.
2024 წლის იანვარი - თებერვლის თვის მონაცემებით, მომხმარებელთა
ჯგუფის უფლების 4 დარღვევის ფაქტი დადასტურდა. სააგენტოს მიერ
დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 11 მოვაჭრეს, 9 700 ლარის
ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი
ვალდებულების აღების შესახებ 23 საქმეზე - 21 შეთანხმება
გაფორმდა.
მასალის გამოყენების პირობები