შსს-ს სამაშველო ოპერაციებისთვის განკუთვნილი ახალი ვერტმფრენი გადაეცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციას
თანამედროვე, ახალი, ევროპული ტიპის „H 145“ ვერტმფრენი შეემატა.
მათივე ცნობით, ვერტმფრენის გადმოცემა, გერმანიაში, „Airbus
Helicopters“-ის საწარმოში განხორციელდა, რომელსაც სასაზღვრო პოლიციის
უფროსის მოადგილე გიორგი მალანია და სასაზღვრო პოლიციის სპეციალური
დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის დირექტორი, იოსებ არჯევანიშვილი
დაესწრნენ.
„თანამედროვე ევროპული ტიპის „H 145“, ვერტმფრენი, ფრანგული კომპანია
„Airbus Helicopters" ერთ-ერთი უახლესი მოდელია. ახალი ბორტები სრულად
დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო
აღჭურვილობით. მათ გააჩნიათ 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას.
ამ ტიპის შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის
შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის
გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადი იქნება.
მსგავს ვერტმფრენებს წარმატებით იყენებენ გერმანიის, შვეიცარიის,
საფრანგეთის, კანადისა და სხვა ქვეყნების პოლიციისა და საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახურები.
სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის
მფრინავები და ბორტ-ტექნიკოსები თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას
გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის სასწავლო აკადემიაში გადიან.
მომზადების კურსი 15 მარტს დასრულდება, რომლის შემდგომაც ქართული
ეკიპაჟის მიერ ვერტმფრენის საქართველოში ტრანსპორტირება
განხორციელდება.
2022 წლის 19 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელშეკრულება
გაფორმდა ფრანგულ კომპანია „Airbus Helicopters“-თან სამი „H145“
ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებით. შემდეგი ორი ბორტის გადმოცემა
ქართული მხარისთვის 2024 წლის ივნისამდე იგეგმება“, - ნათქვამია
ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები