ბოლო ერთ წელიწადში, 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, რუსეთიდან
საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობა, წინა წელთან შედარებით
79,36%-ით შემცირდა.
საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს
ინტერაქციულ პრესრელიზს - ფულადი გზავნილების
სტატისტიკა 2023 წლის ოქტომბრის მდგომარეობით.
სტატისტიკიდან ჩანს, რომ უცხოეთიდან საქართველოში გზავნილების 96,8%
იმ უმსხვილეს პარტნიორ ქვეყნაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა
ოქტომბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 26
ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში გზავნილების 97% მოდიოდა.
2023 წლის ოქტომბერში საქართველოში ჯამში 283.01 მლნ აშშ დოლარის
ოდენობის გზავნილები ჩაირიცხა.
აღსანიშნავია, რომ თითქმის 80%-იანი კლების მიუხედავად, რუსეთი
საქართველოში გადმორიცხული გზავნილების მოცულობით კვლავ პირველ
ადგილზეა. 2023 წლის ოქტომბერში რუსეთიდან 61.76 მლნ დოლარი
გადმოირიცხა, რაც ამავე თვეში საქართველოში გამორიცხული გზავნილების
21.82%-ს შეადგენს.
რუსეთიდან გზავნილების შემცირება ასევე აისახა მთლიან ფულად
გზავნილებზე. შედარებისთვის, 2023 წლის ოქტომბერში ჯამში 283 მლნ
დოლარი გამოირიცხა, რაც 2022 წლის ოქტომბერთან შედარებით 44%-ით
ნაკლებია.
2023 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით საქართველოში ჯამში 3.522
მილიარდი აშშ დოლარი შემოვიდა. აქედან 1.381 მილიარდი რუსეთზე
მოდის.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის შემდეგ მეორე და მესამე ადგილებს იკავებს,
იტალია - 42.57 მლნ აშშ დოლართ (19.17%-იანი წლიური ზრდის ტემპით) და
ამერიკის შეერთებული შტატები- 41.72 მლნ აშშ დოლარით (39.17%-იანი
წლიური ზრდის ტემპით).
შედარებით მცირე გზავნილების მოცულობის მიუხედავად, შესამჩნევია
გზავნილების პროცენტული წლიური ზრდის ტემპი ერაყიდან (+420.18%),
იორდანიიდან (+347.33%) და ნიდერლანდებიდან (+287.62%).
მასალის გამოყენების პირობები