გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, თენგიზ
ნასარიძის განცხადებით, ფქვილის იმპორტის შემთხვევაში, ერთ ტონაზე
დამატებით 50 ლარი, ანუ ჯამში 250 ლარი საფასური დაწესდა.
მისივე თქმით, სამინისტროს მუდმივად აქვს კომუნიკაცია ხორბლის
მწარმოებლებთან, გადამმუშავებელ სექტორთან და, ზოგადად, დარგის
წარმომადგენლებთან.
„მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით,
არასტანდარტული ვითარებაა შექმნილი ხორბლის ფასის ფორმირების და,
ზოგადად, ლოგისტიკის კუთხით. ამ მიმართულებით, რამდენიმე თვის წინ
მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რითაც ვითარება ფქვილის იმპორტის
ზრდასთან დაკავშირებით დაბალანსდა ფქვილის იმპორტზე დაწესებული 200
ლარიანი დამატებითი საფასურით. თუმცა, ამ თვეების განმავლობაში
გამოიკვეთა, რომ, ფქვილის იმპორტი კვლავ მზარდი ტენდენციით
ხასიათდება. ეს განპირობებულია ისევ და ისევ ფასის არასტაბილური
ფორმირებით, იმ ჭარბი მოსავლით, რაც არსებობს მსოფლიოში. აღნიშნულის
გათვალისწინებით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფქვილის იმპორტის
შემთხვევაში დაწესდეს ერთ ტონაზე დამატებით 50 ლარი, ანუ ჯამში 250
ლარი საფასური“, - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.
მინისტრის მოადგილის თქმით, წლევანდელი სტიქიის და კლიმატური
პირობების გათვალისწინებით, წლევანდელი ხორბლის მოსავალი არის დაბალი
ხარისხის.
„გარდა ზემოაღნიშნულისა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ
იმპორტის შემთხვევაში, ქერზე და ასევე ქატოზე, რომელიც ხორბლის
გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტია, დაწესდეს 100 ლარი
დამატებით საფასური. აღსანიშნავია, რომ, აქამდე, ქატოზე არ
ვრცელდებოდა რეგულაციები; მიღებული გადაწყვეტილება, ვფიქრობთ, ძალიან
დაეხმარება ადგილობრივ ხორბლის მწარმოებლებს მოყვანილი ხორბლის
რეალიზებაში იმ ფასად, რომ მათ მოახერხონ საქმიანობის გაგრძელება და
შემდგომშიც ქვეყნის ეკონომიკაში იმ წვლილის შეტანა, რაც აქამდე მზარდი
ტენდენციებით ხასიათდებოდა. აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება,
ფქვილის იმპორტის საფასურის ზრდასთან დაკავშირებით, არ იმოქმედებს
პურის ფასზე, პურის გაძვირების რისკი არ არსებობს. გადაწყვეტილება
ხელს შეუწყობს ადგილობრივი ხორბლის რეალიზებას“, - განაცხადა გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.
მასალის გამოყენების პირობები