სახელმწიფო დაეხმარება ფერმერებს, რომლებიც ჩართულნი არიან ხორბლის წარმოებაში
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფერმერებს, რომლებიც ჩართულნი არიან
ხორბლის წარმოებაში, დავეხმაროთ, - ამის შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე
განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ მიმართულებით ბევრი მხარდამჭერი
ღონისძიება განხორციელდა, თუმცა მთავრობა კიდევ დამატებითი ზომების
მიღებაზე შეთანხმდა.
„მინდა ძალიან მოკლე ინფორმაცია გავაცნო საზოგადოებას, ხორბლის
წარმოებაში ჩართულ ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ საკმაოდ
შემცირებულია ფასები ხორბალზე. ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებული,
ვინაიდან, ეს არის საერთაშორისო ბაზრებზე არსებული მდგომარეობის
გამოძახილი. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფერმერებს, რომლებიც
ჩართულნი არიან ხორბლის წარმოებაში, დავეხმაროთ. ჩვენ მანამდე უკვე
გადავდგით კონკრეტული ეფექტური ნაბიჯები, 4000-მდე ფერმერს ჩვენ
დავეხმარეთ შეღავათიანი აგროკრედიტით. დავუფინანსეთ საბრუნავი
სახსრები და მივეცით სტიმული, მარცვლოვანი კულტურების წარმოება
გაეზარდათ.
ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფქვილის იმპორტზე დაწესებულიყო
დამატებით საფასური, რამაც კონკურენტულ მდგომარეობაში ჩააყენა
წისქვილკომბინატები საქართველოში. ამის შემდეგ მათ განახორციელეს
ქართული ხორბლის შესყიდვა და პურის მწარმოებლებისთვის ისეთი პირობებით
მიწოდება, რომ პური არ გაძვირდა. ფქვილის საფასურის დაწევის შემდეგ 35
000 ტონა ხორბალი მიიღეს ადგილობრივმა წისქვილკომბინატებმა.
ასევე, დროებითი ღონისძიებები განხორციელდა ღერღილი ხორბლის იმპორტის
მიმართულებით, თუმცა მსოფლიო ბაზარზე ხორბალთან დაკავშირებული
არასტაბილური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ დამატებითი ზომების
მიღებაზე შევთანხმდით. ამის თაობაზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო
დამატებით განმარტებას გააკეთებს მთავრობის სხდომის დასრულების
შემდეგ. ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით ყველა ფერმერს, ასე, რომ მათ
საფიქრალი და სანერვიულო არ ექნებათ“, - განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები