კომიტეტებმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი კანდიდატურების არჩევას მხარი არ დაუჭირეს
საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტებმა მხარი არ დაუჭირეს ეროვნული ბანკის საბჭოს
წევრად პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი ნანა ყეინიშვილის და თეიმურაზ
ხომერიკის კანდიდატურების არჩევას.
კომიტეტების დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო საქართველოს ეროვნული
ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ნანა
ყეინიშვილის და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურების განხილვა, თუმცა,
კანდიდატები კომიტეტის სხდომაზე არ გამოცხადდნენ.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განაცხადებით,
ბოლო ორი დღის განმავლობაში ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული
მოვლენების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი უარს აცხადებს
კანდიდატურების წარდგენაზე.
„ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ პრეზიდენტს
არ მიაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში, როცა არ არის ნათელი ეროვნული
ბანკი ემსახურება ქართველ ხალხს თუ კონკრეტულ პირებს, წარმოადგინოს
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები. შესაბამისად,
კანდიდატებიც არ იმყოფებიან კომიტეტების სხდომაზე. აღნიშნულ
მდგომარეობაში, ვიდრე არ გაირკვევა ეროვნული ბანკის გარშემო სიტუაცია,
არ გაუქმდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის
2023 წლის 19 სექტემბრის ბრძანებულება, მანამდე მიზანშეუწონლად
მიგვაჩნია კანდიდატების წარმოდგენა“, - განაცხადა პრეზიდენტის
საპარლამენტო მდივანმა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის
განცხადებით, კანონის შესაბამისად, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანდიდატების კენჭისყრა მოხდეს
განხილვისა და მოსმენის გარეშე.
მასალის გამოყენების პირობები