რეგულირების სააგენტომ ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე, სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები გამოავლინა
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
ინფორმაციით, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ,
რამდენიმე, დიდი ფარმაცევტული ქსელის მხრიდან მორიგი
არაკეთილსინდისიერი ქმედება დაფიქსირდა.
მათივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული
საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, ეპილეფსიის სამკურნალო
პრეპარატზე, სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები
გამოავლინა.
„საუბარია მედიკამენტზე “დეპაკინი ხრონო”, რომელიც სხვადასხვა ტიპის
ეპილეფსიის სამკურნალოდ ბავშვებსა და მოზრდილებში გამოიყენება.
რეგულირების სააგენტომ, ფარმაცევტული კომპანიების ინსპექტირების
შედეგად, დაადგინა, რომ “დეპაკინი ხრონო” (300მგ, 500მგ) კომპანიებს
მარაგში აქვთ, თუმცა, სავარაუდოდ, ხელოვნური დეფიციტის შექმნის
მიზნით, სააფთიაქო ქსელებში არ ხდებოდა მათი რეალიზაცია.“-აცხადებენ
სამინისტროში.
როგორც ცნობილია, გარდა ამისა, წინასწარი შეფასებით, შესაძლოა, ადგილი
ჰქონდეს არაკეთილსინდისიერ შეთანხმებებს ან დომინირებული მდგომარეობის
არასათანადოდ გამოყენების ფაქტს, რითაც სექტორი, აზარალებს
მოქალაქეებს.
„აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მედიკამენტის რეალიზაცია, რეგულირების
სააგენტოს რეაგირების შემდეგ ცალკეულ სააფთიაქო ქსელებში დაიწყო.
ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, მოქალაქეებისთვის სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვან მედიკამენტზე ხელოვნური დეფიციტის შექმნა მიუღებელია
ჯანდაცვის სამინისტროსთვის. უწყება აქტიურ კომუნიკაციაშია
კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან, რათა აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევა
დაიწყოს.“-აცხადებენ სამინისტროში.
მათივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს, მოქალაქეთა ინტერესების
გათვალისწინებით, გამოვლენილ დარღვევებზე მკაცრი რეაგირება
ექნება.
მასალის გამოყენების პირობები