გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 1 ივნისიდან
30 ივნისის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 47 ფაქტი გამოავლინეს.
დეპარტამენტის ცნობით, მათგან 20 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის
ნიშნებს შეიცავს.
„ბრაკონიერები, უმეტეს შემთხვევაში, იყენებდნენ ისეთ უკანონო
თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე, ელექტროშოკური
აპარატი და სხვა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს
ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის 8, სახლართი ტიპის ბადით - 34 და
ფაცერის გამოყენებით უკანონო თევზჭერის 5 ფაქტი.
ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, ინტენსიურად ტარდება პრევენციული
ღონისძიებებიც, განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც, ბოლო წლებში,
უკანონო თევზჭერის ფაქტები შედარებით ხშირია. მიმდინარე წლის ივნისში
გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ჯამში, 1 200 მეტრამდე
სიგრძის სახლართი ტიპის ბადე ამოიღეს. ბადეები ამოღებულია თბილისის
ზღვიდან, შაორის ტბიდან, ასევე, სიონისა და ჟინვალის
წყალსაცავებიდან.
მდინარე ალაზანზე გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად კი,
გამოვლენილია უპატრონოდ მიტოვებული 1 ერთეული თევზმახე,“-აცხადებენ
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.
უწყების ცნობით, უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი - 9 ფაქტი გამოვლინდა
იმერეთში; რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში დაფიქსირდა 7
სამართალდარღვევა, 6-6 ფაქტია გამოვლენილი სამეგრელო-ზემო სვანეთსა და
ქვემო ქართლში, კახეთში - 3, გურიაში - 3, მცხეთა-მთიანეთში - 2;
თითო-თითო ფაქტი გამოვლენილია აჭარაში, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა
ქართლში; 7 ფაქტია აღკვეთილი დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის
კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ. სამართალდარღვევა
დაფიქსირდა დედაქალაქშიც - აღნიშნულ პერიოდში, თბილისში, უკანონო
თევზჭერის 1 ფაქტი გამოავლინეს.
მასალის გამოყენების პირობები