საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 2023 წლის 1 იანვრის
მდგომარეობით, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით
1.3 პროცენტით გაიზარდა და ჯამში რაოდენობამ შეადგინა 3 736 400 კაცი.
- ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს სტატისტიკის
ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2022 წელს დაფიქსირდა
უარყოფითი ბუნებრივი მატება და დადებითი მიგრაციული სალდო (ანუ
ქვეყანაში შემოსული ადამიანების რიცხვი აჭარბებს გასულების
რაოდენობას, ავტ.).
ამავე პერიოდის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 60.4
პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, ქ. თბილისის
მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის
მესამედს შეადგენს.
რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიებს, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ
მოსახლეობაში 20.7 პროცენტს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი
მოსახლეობის წილი (15-64 წლის
ასაკობრივი ჯგუფი) − 63.8 პროცენტს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის
მოსახლეობის წილი − 15.6 პროცენტს.
საქსტატის მონაცემებით ირკვევა, რომ ამ პერიოდის
მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 52% (1 942 500) ქალია, ხოლო 48%
(1 793 800) - კაცი,
„სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92-ს შეადგენს, რაც
იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდის. აღსანიშნავია, რომ
35 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას,
ხოლო 35 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც
გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის
მოსალოდნელი ხანგრძლივობით.
წინა წელთან შედარებით, 2022 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა
2.3 ერთეულით გაიზარდა და 73.7 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის
– 69.4 წელი, ხოლო ქალებისათვის – 78.1 წელი,“ - აღნიშნულია საქსტატის
ინფორმაციაში.
როგორც აღნიშნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
ვკითხულობთ, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი (მედიანური
ასაკი ეს არის ის მაჩვენებელი, რომელიც უჩვენებს ამა თუ იმ ქვეყანას
რომელ ასაკში ჰყავს ნახევარი მოსახლეობა, ავტ.) შეადგენს 38 წელს.
რაც შეეხება მიგრაციას, საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 125 269 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 25.3 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 142.9
პროცენტით გაიზარდა და 179 778კაცი შეადგინა.
ამავე პერიოდში, იმიგრანტების 84.3 პროცენტი და ემიგრანტების 86.7
პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის
ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.
როგორც საქსტატში განმარტავენ, 2022 წელს, იმიგრანტების 30.3
პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 80.5 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები
წარმოადგენენ.
მასალის გამოყენების პირობები