გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, კანალიზაციის სისტემის
სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს აღმოჩენილი იქნა, აგურით ნაგები
შენობის კედლები, რომელშიც რამდენიმე თაღოვანი ნიშებია დატანებული. -
აღნიშნულ ინფორმაციას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის,
განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა
სამსახურის უფროსი სპეციალისტი თამაზ მარკოზაშვილი ფეისბუქის გვერდზე
აქვეყნებს.
მისივე თქმით, აღმოჩენის შესახებ საქმის კურსში უკვე ჩააყენა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კახეთის ფილიალის
თანამშრომლები.
„დღეს მონიტორინგი ჩავატარე,სოფელ ველისციხეში მიმდინარე მიწის
სამუშაოებზე.
კანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს აღმოჩენილი
იქნა, აგურით ნაგები შენობის კედლები,რომელშიც რამოდენიმე თაღოვანი
ნიშებია დატანებული. ერთ ნიშაში, ძვლები იყო შელაგებული.
სამუშაოები დროებით შეჩერებული იქნა. დავუკავშირდი კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კახეთის ფილიალის
თანამშრომლებს და ვაცნობე ახალი აღმოჩენის შესახებ.
ხვალ დილით ველოდებით, სააგენტოს თანამშრომლების ველისციხეში
ჩამოსვლას, რომლებიც ადგილზე შეისწავლიან ძველი ნაგებობის
ფრაგმენტებს.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო,ველისციხის სარეაბილიტაციო სამუშაოების
სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელებს,ინფორმაციის დროული მოწოდებისთვის და
თანადგომისთვის.
სოფელი ველისციხე ისტორიულ წყაროებში(ქართლის ცხოვრება,ჯუანშერი) ჯერ
კიდევ მე-5 საუკუნიდან მოიხსენიება,როგორც მნიშვნელოვანი სტრატეგიული
პუნქტი
კახეთში.
ველისციხის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ,სოფელი გახდება
ტურისტების მოზიდვის მნიშვნელოვანი ცენტრი კახეთში,“ - წერს
მარკოზაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ველისციხის ურბანული განახლების პროექტის მიხედვით,
რომლის ღირებულებაც 30 386 078 ლარია, სოფელ ველისციხის
ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოები 2022 წლის იანვრის ბოლოს დაიწყო და
2023 წლის ზაფხულში დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები