მსოფლიოში არსებული ყველაზე მგრძნობიარე რადიოტელესკოპების -
Square Kilometer Array-ის (SKA) მშენებლობა სამხრეთ აფრიკასა და
ავსტრალიაში დაიწყო.
ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით გამოცემა „
The
Guardian”-ი ავრცელებს.
როგორც
სტატიაში ვკითხულობთ, ტელესკოპი მათ სამყაროს
დაბადების ისტორიის, ბნელი მატერიისა და სამყაროს გაფართოების
მიზეზების შესწავლაში შეუწყობს ხელს. აღნიშნული პროექტი საუკუნის
უდიდეს სამეცნიერო მიღწევად ითვლება. ახალი ტელესკოპის გამოყენებით
პირველი კვლევის ჩატარებას მეცნიერები 2024 წელს ვარაუდობენ, თავად
პროექტი კი დასასრულს ათწლეულის ბოლომდე უნდა მიუახლოვდეს.
არსებული ინფორმაციით, ტელესკოპის ინსტრუმენტები ორ კონტინენტზე
განთავსდება. კერძოდ, 131 072 ხისმაგვარი ანტენისგან შემდგარი ქსელი,
SKA-Low დასავლეთ ავსტრალიაში განთავსდება, ხოლო 197 ერთეული მიმღები
თეფშისაგან შემდგარი სისტემა, SKA-Mid-ი სამხრეთ აფრიკაში.
„ობსერვატორია რადიოასტრონომიის, როგორც დარგის, მომავალ 50 წელს
განსაზღვრავს. ეს მეცნიერებს გალაქტიკების წარმოშობისა და სიკვდილის,
ახალი ტიპის გრავიტაციული ტალღების აღმოჩენისა და სამყაროს შესახებ
არსებული ცოდნის საზღვრების გაფართოების შესაძლებლობას მოგვცემს,“
-ამბობს SKA-Low-ის პროექტის დირექტორი, პროფესორი სარა პირსი.
მისივე თქმით, ახალი ტელესკოპი საკმარისად მგრძნობიარე იქნება, რათა
ამოიცნოს აეროპორტის რადარის სიგნალი პლანეტებზე, რომლებიც ათობით
სინათლის წლითაა დაშორებული დედამიწიდან. შესაბამისად შეგვეძლება
მივიღოთ პასუხი კითხვაზე: მარტო ვართ თუ არა სამყაროში?
რადიო ასტრონომიის კურტენის ინსტიტუტის მკვლევარი, პროფესორი დანი
პრაისის შეფასებით, აღნიშნული ტელესკოპი იმდენად მგრძნობიარეა, რომ
მეცნიერებს შესაძლებლობას მისცემს მილიარდობით წელიწადის უკან, ე.წ „
კოსმიური დასაწყისის“ პერიოდი შეისწავლონ.
„SKA-ის მგრძნობელობის გათვალისწინებით, მას შეუძლია დედამიწიდან 225
მლნ კილომეტრით დაშორებულ მარსზე მყოფი ასტრონავტის ჯიბეში
მოთავსებული ტელეფონის სიგნალი მიიღოს“,-ამბობს პროფესორი პრაისი
გამოცემასთან საუბრისას.
მისივე თქმით, თუკი ახლომდებარე პლანეტებზე ინტელექტის მქონე
ცივილიზაციები არსებობენ და ჩვენნაირ ტექნოლოგიებს ფლობენ, SKA მათი
რადიო და სატელეკომუნიკაციო ქსელებისგან გამომავალი რადიაციის დაჭერას
შეძლებს, რითაც მსოფლიოში მსგავსი შესაძლებლობის პირველი ტელესკოპი
იქნება.
მასალის გამოყენების პირობები