როგორც პრემიერმა აღნიშნა, მომდევნო 3 წლის განმავლობაში, მინიმუმ 3
მლრდ დოლარის ინვესტიციას ელოდებიან ენერგეტიკის სექტორში.
"საქართველოს, რა თქმა უნდა, გააჩნია საკმაოდ დიდი რესურსები,
განსაკუთრებით ჰიდრორესურსები, ამიტომ ამ რესურსს სჭირდება
მაქსიმალურად გონივრულად გამოყენება და ათვისება, ესაა ჩვენი მთავარი
პრიორიტეტი,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
მისივე თქმით, რაციონალურად და გონივრულად უნდა გამოვიყენოთ ყველა
რესურსი, რომელიც ქვეყანას გააჩნია.
"მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლები, ე.წ. გარანტირებული შესყიდვის სქემა
იყო შეჩერებული და ამ მიმართულებით დაახლოებით 800 მგვტ-მდე ჰესებზე
არის გაცემული მემორანდუმები, თუმცა იმის მიუხედავად რომ ზოგიერთმა
დაიწყო მშენებლობაც, ეს კონტრაქტები არ არის გაფორმებული, ეს ერთი
საკითხი. მეორე საკითხი - ბუნდოვანი იყო ასე ვთქვათ ახალი პროექტების
ბედიც და ზოგადად ინვესტორებს სჭირდებოდათ მეტი სიცხადე, ამიტომ ახალი
სქემა არის შემდეგი - სახელმწიფოს მხრიდან ელექტროსადგურის
ოპერირებაში გაშვებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთაშორის სხვაობის
ე.წ. cfd ხელშეკრულებით, ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას
გულისხმობს სქემა, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ ინვესტორებს.
მხარდაჭერის ახალი სქემა მოიცავს აუქციონის წესით მომდევნო სამი წლის
განმავლობაში ჯამში 1 500 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების
მშენებლობის ხელშეწყობას. ამაში არ შედის, რა თქმა უნდა, ის 800 მგვტ,
რომელზეც მე ვთქვი უკვე და ასევე არ შედის დიდი პროექტები, როგორიცაა
„ნამახვანი“, „ნენსკრა“ და „ხუდონი“.
ანუ ჯამურად მხოლოდ ამ 1 500 მგვტ-ის სიმძლავრის მშენებლობის
ხელშეწყობით, დაახლოებით 2.2 მლრდ ამერიკული დოლარის ინვესტიციას
ველოდებით. ამას დაემატება 800 მგვტ-ის პროექტები და კიდევ ის მსხვილი
პროექტები, რომლებზეც უკვე დამატებით ცალკე ვიმსჯელებთ. მინიმუმ
შეიძლება ითქვას, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში, იმ დათქმით,
რომ ყველა ეს პროექტი იქნება გაფორმებული და გაშვებული, მინიმუმ
3 მლრდ დოლარის ინვესტიციას ველოდებით ენერგეტიკის
სექტორში,"-განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები