შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მთელი
ქვეყნის მასშტაბით პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა ტესტირება
დაიწყო.
„პროფესიული ტესტირება 6 სექტემბერს, 09:00 საათზე საბუნებისმეტყველო
საგნების გამოცდით დაიწყო და 8 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
საქართველოს მასშტაბით ჯამში 53 საგამოცდო ცენტრია გახსნილი, აქედან 4
თბილისში ფუნქციონირებს.
7 სექტემბერს პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველებს ტესტირება
წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში ჩაუტარდებათ, ხოლო საბაზო
ზოგადი უნარების გამოცდა 7-8 სექტემბერს გაიმართება.
წელს თითოეული ტესტის მაქსიმალური ქულაა 30 და გამოსაცდელს მინიმალური
კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება მაქსიმალური ქულის 15%-ის
დაგროვების შემთხვევაში. ტესტირებისთვის გამოყოფილი დრო შეადგენს 1
საათსა და 30 წუთს.
რაც შეეხება საბაზო ზოგად უნარებს, ტესტის მაქსიმალური ქულაა 50,
ტესტურ დავალებებზე სამუშაოდ გამოყოფილი დრო კი 2 საათია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აპლიკანტებს მისცა
შესაძლებლობა, ონლაინ რეჟიმში გაევლოთ საცდელი ტესტირება და სახლიდან
გაუსვლელად გასცნობოდნენ პროგრამის მოხმარების თავისებურებებსა და
ტესტური დავალების ნიმუშებს.
2022 წელს მიღება 600-ზე მეტ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზეა
გამოცხადებული. პროფესიულ ტესტირებაში მონაწილეობის სურვილი 24
500-მდე აპლიკანტმა გამოთქვა. აქედან შეფასებისა და გამოცდების
ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებას უმაღლეს და საშუალო
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველი 9300-ზე
მეტი აპლიკანტი გადის, ხოლო 2900-ზე მეტი აპლიკანტი საბაზო პროფესიულ
საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად აბარებს ზოგადი უნარების გამოცდას.
რიგ პროფესიულ პროგრამებზე აპლიკანტთა შერჩევა თავად პროფესიული
საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ხორციელდება.“ - ნათქვამია
გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
მათივე ცნობით, გარდა ამისა, შეფასებისა და გამოცდების
ეროვნულმა ცენტრმა საგამოცდო სივრცის მოწყობა და ხელსაყრელი საგამოცდო
გარემოს შექმნა უზრუნველყო პროფესიულ პროგრამებზე სწავლის
მსურველი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 150-მდე
აპლიკანტისთვის.
მასალის გამოყენების პირობები