კაჭრეთში პოლიციელების მიერ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე საიამ ევროპულ სასამართლოს მიმართა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, გურჯაანის
მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მცხოვრები ზვიად მთავრიშვილის მიმართ
პოლიციელთა მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო ძალადობასა, და
აღნიშნულის შედეგად გარდაცვალების ფაქტზე,
ევროპულ სასამართლოს მიმართა.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეში ადამიანის
უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3
(წამების აკრძალვა) მუხლებით დაცული უფლებების დარღვევა
იკვეთება. საუბარია 2019 წლის 15 აპრილს მომხდარ
ფაქტზე,რასაც speqtri.ge-ც აშუქებდა.
"გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, 2019 წლის 22
მარტს, ოჯახში შეკამათების შემდგომ, პოლიციის თანამშრომლები მათთან
სახლში მივიდნენ. გარდაცვლილის დის განმარტებით, ოთახში
შესვლისთანავე, პოლიციის თანამშრომლები ზვიადს უხეშად მიმართავდნენ.
პოლიციელებმა მთავრიშვილი თელავის პოლიციის შენობაში გადაიყვანეს.
სახლში დაბრუნებისას, ზვიად მთავრიშვილი უჩიოდა თავის ტკივილს და
აცხადებდა, რომ პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ და თავის არეში
მიაყენეს დაზიანებები. ზვიად მთავრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
მეორე დღიდანვე გაუარესდა, კერძოდ, მას დაეწყო ძლიერი თავის ტკივილები
და მეხსიერებასთან დაკავშირებით პრობლემები. 2019 წლის 1 აპრილს იგი
გურჯაანში მდებარე საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს,
სადაც დაესვა დიაგნოზი - ტრავმული სუბდურული სისხლჩაქცევა, კომა.
იმავე დღეს ზვიად მთავრიშვილი ქ. თბილისში, ო. ღუდუშაურის სახელობის
ეროვნულ სამედიცინო ცენტრში მოათავსეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის
შესახებ გაცემულ ცნობაში მითითებულია, რომ ზვიად მთავრიშვილს
დაუდგინდა ,,კომა, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, მარცხენა დიდი
ჰემისფეროს ტრავმული სუბდურული ჰემატომა, თ/ტ დაჟეჟილობა, შუამდებარე
სტრუქტურების ცდომით, სუნთქვის მწვავე უკმარისობა.“ -ვკითხულობთ
საია-ს კიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2019 წლის 15 აპრილს ზვიად მთავრიშვილი საავადმყოფოშივე გარდაიცვალა.
საია-ს ინფორმაციით, კომაში ჩავარდნამდე, ზვიად მთავრიშვილმა მის
მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის შესახებ, მეზობლებსა და
ნათესავებს უამბო.
აღნიშნულ საქმეს კახეთის საოლქო პროკურატურა სისხლის სამართლის
კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით იძიებს.
"საიას მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე
წარდგენილ საჩივარში დასაბუთებულია, რომ სახელმწიფომ არა მხოლოდ
დაარღვია საქმეზე ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიების წარმოების
ვალდებულება, არამედ ზვიად მთავრიშვილის გარდაცვალება, სავარაუდოდ,
სწორედ სახელმწიფოს მოხელეთა (პოლიციის თანამშრომელთა) ქმედებების
პირდაპირ შედეგს წარმოადგენს,"- აცხადებენ საია-ში
მასალის გამოყენების პირობები