ქართულ ავიაკომპანია „კამექს ეარლაინსის“ სერტიფიცირების პროცესი
დასრულებულია. კომპანიის სერტიფიცირება სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ
უზრუნველყო.
ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით,
ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
სერტიფიცირების პროცესის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ესწრებოდნენ.
ვიცე-პრემიერის შეფასებით, ეს დღე მეტად მნიშვნელოვანია ქართული
ტრანსპორტის სფეროში, ავიაციის განვითარების მიმართულებით. მისივე
თქმით, „კამექს ეარლაინსის“ პროექტი ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის
წარმატებული მაგალითია და ის ხელს შეუწყობს ქვეყნის ლოგისტიკური ჰაბის
პოტენციალის უკეთესად გამოყენებას.
„ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული ინიციატივის, წარმატებული პროექტის
დასაწყისის მომსწრენი ვართ და მსურს, მადლობა გადავუხადო აშშ-ს მჭიდრო
თანამშრომლობისთვის - თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის
ქართულ-ამერიკული პროდუქტი, როდესაც დაფინანსების კუთხით გვყავს
ამერიკის საფინანსო კორპორაცია, როგორც პარტნიორი. ასევე
წარმოდგენილია კორპორაცია Gazelle Finance, რომელიც მცირე და საშუალო
ბიზნესის წარმატებით დაფინანსებას ახორციელებს“, - განაცხადა ლევან
დავითაშვილმა.
ლევან დავითაშვილის შეფასებით, თბილისი ერთ-ერთ ლოგისტიკურ ცენტრად
ყალიბდება - ამ დროისთვის, უკვე ექვსი ასეთი ავიაკომპანიაა
დაფუძნებული, რომლებიც სწრაფად იზრდებიან და ყველა მათგანი არის
ძალიან წარმატებული სატვირთო, სატრანსპორტო, საავიაციო გადაზიდვების
სფეროში. მისივე თქმით, ამას ემატება ქუთაისის მიმართულებით მზარდი
ინტერესი სატვირთო გადაზიდვებში ჩართული ავიაკომპანიების მხრიდან და
ორი ცენტრი ნამდვილად ხელს შეუწყობს რეგიონის, როგორც სატრანზიტო
ჰაბის ფუნქციის გაძლიერებას.
სამინისტროს ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „კამექს ეარლაინსი“ ქართული
კომპანიაა. ავიაბაზარზე ახალი გადამზიდავი კომპანიის გამოჩენა
ამერიკულ საფინანსო კოორპორაცია Gazelle Finance-თან წარმატებული
თანამშრომლობის შედეგია. „კამექს ეარლაინსის“ კუთვნილი Boeing 737-800
BCF თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ივლისის დასაწყისში მიიღო და
მან პირველადი ტექნიკური დათვალიერებაც უკვე წარმატებით გაიარა.
აღსანიშნავია, რომ „კამექს ეარლაინსი“ ბაზარზე უახლოეს მომავალში
4 ბორტით იქნება წარმოდგენილი და პირველი კომერციული ფრენის
შესრულებას აგვისტოს მეორე ნახევარში გეგმავს. კომპანიის ინფორმაციით,
საინვესტიციო პროექტის შედეგად, ამ ეტაპზე, საქართველოს ეკონომიკას
უკვე შეემატა 100 მლნ ლარის მოცულობის აქტივი, ხოლო ახალი სამუშაო
ადგილების რაოდენობა 150-ს მიაღწევს.
მასალის გამოყენების პირობები