საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ამერიკის შეერთებული შტატების
საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და მმართველ პარტიას
მოუწოდებს, გაემიჯნოს მათი წევრების ძალადობრივ ქმედებას.
„გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვატო წერეთელს აშშ-ის საელჩოს
ტერიტორიაზე „ქართული ოცნების” დეპუტატები თავს დაესხნენ. TV პირველის
მფლობელის განცხადებით, შემთხვევას ათობით თვითმხილველი ჰყავს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს მმართველი პარტიის
დეპუტატების ძალადობრივ ქმედებას და მოუწოდებს მათ, აიღონ პოლიტიკური
პასუხისმგებლობა.
ქარტია ასევე მოუწოდებს მმართველ გუნდს, გაემიჯნონ მათი წევრების
ძალადობრივ ქმედებას, რათა შემდგომში კიდევ უფრო არ წაახალისონ მედიის
წარმომადგენლების მიმართ ძალადობა.
ქარტიის შეფასებით, მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა
განპირობებულია ერთი მხრივ, ჟურნალისტებზე ძალადობის გამოუძიებელი
ფაქტებით და მეორე მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული
რიტორიკით. მნიშვნელოვანია, რომ ძალადობრივი ქმედება არ გახდეს მედიის
მისამართით დანაშაულის კიდევ უფრო მეტად წამახალისებელი,“ -
ვკითხულობთ ქარტიის
განცხადებაში.
„ტვ პირველის" დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებით, აშშ-ის
საელჩოს ეზოში მიმდინარე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე,
„ქართული ოცნების“ დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც წერეთელი
აცხადებს, მას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ,
ანრი ოხანაშვილმა დაარტყა ხელი.
„ტვ პირველის“ დირექტორი საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს
მიმართავს და კადრების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.
„ქართული ოცნების დეპუტატები შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე
ჯგუფურად თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ტვ პირველის მფლობელ
ვატო წრეთელს.
მოვითხოვთ შეერთებული შტატების საელჩომ დაუყოვნებლივ გაასაჯაროვოს მის
ტერიტორიაზე მომხდარი თავდასხმის ამსახველი ვიდეოჩანაწერები,“ -
ვკითხულობთ „ტვ პირველის“
ფეისბუქ გვერდზე.
აშშ-ის საელჩო ინციდენტს
ფეიბუქ-გვერდზე ეხმაურება.
„აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის
დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების
შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას,“ - ვკითხულობთ საელჩოს
განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები