პანდემიის პერიოდში ბავშვთა მიმართ ძალადობის რისკები გაიზარდა - სპეციალური ანგარიში
პანდემიის პერიოდში გაიზარდა ბავშვთა მიმართ ძალადობისა და ძალადობის
მოწმედ ყოფნის რისკები და კიდევ უფრო შემცირდა მათი გამოვლენის
მექანიზმები.
ამის შესახებ სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშშია საუბარი.
კვლევა, სადაც კოვიდ 19-ის პანდემიის ზემოქმედება და სახელმწიფოს მიერ
მიღებული ზომები არის შეფასებული, გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და
აზიის რეგიონული ოფისის (UNICEF ECARO), გაეროს ბავშვთა ფონდის
საქართველოს წარმომადგენლობის და ევროპის ბავშვთა ომბუდსმენთა ქსელის
(ENOC) მხარდაჭერითაა ჩატარებული .
კვლევაში შეფასებულია სახელმწიფოს მიერ 2020 წლის მარტიდან 2021 წლის
მაისის ჩათვლით პანდემიის პირობებში მიღებული ზომების ზეგავლენა
ბავშვის უფლებათა სამ ძირითად მიმართულებაზე: ბავშვების დაცვა
ძალადობისგან, ზოგადი განათლების უფლება და ალტერნატიული ზრუნვა.
"კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ პანდემიის გავრცელების თავიდან
არიდების მიზნით, სახელმწიფოს მიერ მიღებულმა ზომებმა დაამძიმა
ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში. კერძოდ, პანდემიის
პერიოდში გაიზარდა ბავშვთა მიმართ ძალადობისა და ძალადობის მოწმედ
ყოფნის რისკები და კიდევ უფრო შემცირდა მათი გამოვლენის მექანიზმები.
გაზრდილი რისკების მიუხედავად, არ შეინიშნება სახელმწიფო
უწყებებისადმი მიმართვიანობის არსებითი მატება.
მწვავედ პრობლემად გამოიკვეთა შშმ და სსსმ ბავშვების ეფექტიანი ჩართვა
საგანმანათლებლო პროცესში, სწავლების ხარისხი, ინტერნეტსა და
ტექნოლოგიებზე წვდომის მაჩვენებელი და სხვ.
პანდემიის სამართავად შემუშავებული რეგულაციების პრაქტიკაში
აღსასრულებლად, სახელმწიფოს ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებებისთვის
სათანადო მხარდაჭერა არ აღმოუჩენია. მიღებულმა ზომებმა კი
მნიშვნელოვნად შეზღუდა სახელმწიფო ზრუნვაში მცხოვრები
არასრულწლოვნების პირისპირ კომუნიკაცია თავიანთ ოჯახებთან,
მეგობრებთან და სოციალურ მუშაკებთან, ასევე მათი წვდომა სხვადასხვა
ფსიქოსოციალურ სერვისებზე,"-ვკითხულობთ ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის იანვრიდან 2021 წლის 8 ივნისის ჩათვლით
მანდატურის სამსახურის მიერ ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში რეფერირების რაოდენობა 197 ერთეულით
ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელთან. ხოლო, შინაგან საქმეთა
სამინისტროში ბავშვთა მიმართ ძალადობის რეფერირების შემთხვევები,
მხოლოდ 47 ერთეულით აღემატება 2019 წლის მონაცემებს, რომელთა
უმრავლესობა ადრეული ქორწინებისა და ადრეული ქორწინების რისკებს
ეხება.
„ვფიქრობთ, რომ სპეციალური ანგარიშის მიგნებები და მათ საფუძველზე
შემუშავებული რეკომენდაციები საინტერესო იქნება შესაბამისი
უწყებებისთვის, როგორც კოვიდ 19-ის პანდემიის განმავლობაში არსებული
გამოწვევების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის მიზნით, ასევე სხვა
კრიზისულ სიტუაციებში სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვისა და ბავშვის
საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების პროცესში. აქვე,
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთან დაკავშირებული
ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, უზრუნველყოფილი იყოს
არასრულწლოვანთა აზრის მოსმენა და მათი ჩართულობა,“ - განაცხადა
სახალხო დამცველმა.
მასალის გამოყენების პირობები