შშმ მოზარდზე ძალადობისთვის დაკავებულ პოლიციელს 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
პროკურატურამ მეტროსადგურ „ისანში“ არასრულწლოვანზე ძალადობისთვის
დაკავებულ პატრულ-ინსპექტორს არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, ხოლო
ინციდენტში მონაწილე მეორე პატრულ-ინსპექტორს სამსახურებრივი
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ბრალდება წარუდგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 23 იანვარს, მეტროსადგურ
„ისანის“ შენობაში განთავსებულ პოლიციის ოთახში, პატრულ-ინსპექტორი
ნ.ბ. არაადამიანურად მოეპყრო არასრულწლოვან, შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე ლ.ა.-ს. პატრულ-ინსპექტორმა დაზარალებულ არასრულწლოვანს
რამდენჯერმე დაარტყა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ძალადობის
ფაქტის შემსწრე მეორე პატრულ-ინსპექტორმა კ.ბ.-მ, მიუხედავად იმისა,
რომ ვალდებული იყო აღეკვეთა მისი მეწყვილის ძალადობრივი ქმედება,
ასევე, სამართლებრივი რეაგირება მოეხდინა დანაშაულებრივ აქტზე და
ეცნობებინა ფაქტი შესაბამისი უწყებისთვის, აღნიშნულის საპირისპიროდ,
რათა არ მომხდარიყო მისი მეწყვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის დაკისრება, სამსახურებრივი უფლებამოსილება გამოიყენა
ბოროტად და არ შეასრულა არცერთი ზემოაღნიშნული ვალდებულება.
გამოძიების პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური
ინსპექციის აქტიური თანამშრომლობით და ჩართულობით, მალევე დადგინდა
ინციდენტში მონაწილე ორივე პატრულ-ინსპექტორის ვინაობა, რის შემდეგაც
გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისთანავე, ორივე
ბრალდებული დაკავებულ იქნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ“,
- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
საქართველოს პროკურატურა ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის
ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე თბილისის საქალაქო
სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს.პროკურატურა სასამართლოს, ასევე,
ბრალდებულების თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება
მასალის გამოყენების პირობები