საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის
ეროვნული ცენტრი ტესტირების საჭიროების მქონე პირებს მიმართავს.
ფეისბუქ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტესტირება
COVID-19-ის პანდემიის მართვის აუცილებელი კომპონენტია, რადგან
მნიშვნელოვანია ინფიცირებულთა დროული გამოვლენა, იზოლირება, გადაცემის
ჯაჭვის გაწყვეტა და ინფექციის გავრცელების შეკავება.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ომიკრონის შტამის გავრცელების პირობებში, გაზრდილია ტესტირებაზე
მოთხოვნა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით,
ინფიცირებულთა გამოვლენისათვის მნიშვნელოვანია როგორც PCR კვლევა
(ტესტირების ოქროს სტანდარტი), ასევე ანტიგენის სწრაფი ტესტირება.
საქართველოში ბოლო 7 დღის მანძილზე ჩატარებულია 372.981 ტესტი,
ტესტირებისადმი ყოველდღიური მიმართვიანობის საშუალო დღიური რაოდენობა
დაახლოებით 53%-ით მეტია წინა 7 დღის მანძილზე ჩატარებული ტესტების
რაოდენობასთან შედარებით.
საჭიროებისას, მოქალაქეებმა ტესტირებისთვის უნდა მიმართონ სახელმწიფო
პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც უფასოდ
ჩაუტარდებათ ტესტირება ანტიგენის სწრაფი ტესტით.
უსიმპტომო პაციენტებს, ვისაც ანტიგენის სწრაფი ტესტით დაუდასტურდებათ
COVID-19 ინფექცია, ასევე სიმპტომიან პაციენტებს რომლებსაც ანტიგენის
სწრაფი ტესტით არ დაუდასტურდებათ COVID-19 ინფექცია, დამატებითი
ტესტირება PCR მეთოდით ჩაუტარდებათ ოჯახის ექიმის დასკვნის
საფუძველზე. ოჯახის ექიმთან კონსულტაციის გავლა შესაძლებელია
ტესტირების პუნქტში შესაბამისი სერვისის არსებობის შემთხვევაში, ან
ონლაინ კლინიკის ოჯახის ექიმებთან სატელეფონო კომუნიკაციის გზით.
მნიშვნელოვანია, რომ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, COVID-19
ინფიცირების სტატუსის დადასტურების მიუხედავად, მოქალაქეებმა უნდა
დაიცვან ქვეყანაში არსებული იზოლაციის წესები, რათა არ გახდნენ როგორც
აღნიშნული, ასევე სხვა რესპირატორული ინფექციების გავრცელების
წყარო.“
მასალის გამოყენების პირობები