ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონს პრეზიდენტმა ვეტო არ დაადო
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
გაუქმების შესახებ კანონს ვეტო არ დაადო.
ზურაბიშვილის განმარტებით, მან ხელი მოაწერა „სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რადგან ცვლილელები
ითვალისწინებს სამსახურის გაუქმებასა და მის ნაცვლად ახალი
სტრუქტურების ჩამოყალიბებას.
მისი თქმით, ამგვარ სტრუქტურული ცვლილებების მიმართ არსებობდა და
არსებობს განსხვავებული შეხედულებები, თუმცა „ეს გადაწყვეტილება არ
შეიცავს თავისთავად კატეგორიული ხასიათის სამართლებრივ
წინააღმდეგობას”.
„სამსახურის გაუქმება და ახალი სტრუქტურების დაარსება თავისთავად არ
იძლევა საფუძველს პრეზიდენტის მხრიდან სამართლებრივი ხასიათის
მოტივირებული შენიშვნებისათვის.
თუმცა მიუღებლად მიმაჩნია ასეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღება
დაჩქარებული წესით, ყოველგვარი კონსულტაციებისა და სათანადო დისკუსიის
გარეშე. მით უმეტეს, რომ დაჩქარებული წესით მისი განხილვის საჭიროება
არაფრით არ ყოფილა გამართლებული.მიუღებელია, რომ ქვეყანაში, რომელიც
მიზნად ისახავს დემოკრატიის გამყარებას, ისეთ საკვანძო საკითხს,
როგორიც არის პირადი მონაცემების დაცვა, დისკუსიისათვის სათანადო დრო
და სივრცე არ ეთმობა“, – ნათქვამია პრეზიდენის განცხადებაში.
პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ
კანონი 30 დეკემბერს მიიღო. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
შესახებ კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და პარლამენტმა
დაჩქარებული წესით 3 დღეში განიხილა.
კანონის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახური უქმდება, ხოლო მის ნაცვლად იქმნება ორი უწყება:
სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახური.
მასალის გამოყენების პირობები