ახალი წლის ტრადიცია საქართველოში მრავალფეროვანია და ქვეყნის ყოველი
კუთხე განსხვავებულად აღნიშნავს მას. მათ ნაწილს დღემდე იცავენ და
ერთგვარი რიტუალური ხასიათიც აქვს, ნაწილი კი აღარ სრულდება, თუმცა,
მაინც მნიშვნელოვანი და პატივსაცემია.
იმერეთი საახალწლო სუფრით ერთ–ერთი გამორჩეულია ქვეყნის სხვა
კუთხეებისგან. იმერლები ახალ წელს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით
სანოვაგით ხდებიან.
ძველი იმერული ტრადიციით, მეკვლის მოსვლამდე ოჯახის უფროსს ევალებოდა
ხორაგით სავსე ხონჩით სამჯერ წაღმა შემოევლო სახლისთვის და უფლისთვის
გამრავლება, ჯანმრთელობა, ხვავი და ბარაქა ეთხოვა. ხონჩაზე ღორის
თავი, მწვადი, მოხარშული დედალი, ხაჭაპური, ლობიანი, ღერღილის პური და
ტკბილი კვერები ელაგა. სახლისთვის სამჯერ შემოვლის შემდეგ, ოჯახის
უფროსი კერიაში შედიოდა, ოჯახის ყველაზე ხნიერ წევრთან ერთად, რომელიც
მოგიზგიზე კუნძს რამდენჯერმე დაჰკრავდა ჯოხს და აშლილ ნაპერწკლებს
ასეთ ლოცვას დაადევნებდა: ამდენი ოქრო ჩვენს ოჯახში, ამდენი პური და
ღვინო, ამდენი მარილი, ამდენი ძროხა, ამდენი ქათამი; დაე, ეს წელი ამ
ნაპერწკლებივით უხვი იყოსო.
გურია-სამეგრელოში ახალი წლის პირველ დღეს "კალანდას" ეძახიან და მას
თოფების სროლით ეგებებიან.სამეგრელოში ახალ წელს დილაადრიან ოჯახის
უხუცესი მამაკაცი ხელში მორთული ჩიჩილაკით და ღომის მარცვლიანი ჯამით,
რომელზეც კვერცხი დევს, სახლიდან გარეთ გადის ახალი წლის მოსალოცად.
გარკვეული რიტუალის შესრულების შემდეგ, სახლში შემოდის, ჩიჩილაკს
კუთხეში მიაყუდებს, ჯამს იქვე მიუდგამს და თვითონ საახალწლო ტაბლას
მიუჯდება.გურიაში ახალ წელს მამლის ყივილზე მთელი ოჯახი ფეხზე დგება.
მამაკაცები ღორის თავს და საახალწლო სანოვაგეს მარანში შეიტანენ.
ოჯახის უფროსი ჩაფს ღვინით გაავსებს და დაჩოქილი წმინდა ბასილას
ოჯახის ბედნიერებას შესთხოვს.
ზემო რაჭაში საახალწლოდ ორ ე.წ. ბაჭულს აცხობენ, ერთს ახალი წლისთვის,
მეორეს ძველისთვის და ბეღელში ინახავენ. მამლის პირველი ყივილისას
მეკვლე ცეცხლს ანთებს, ბეღელში შედის და ხმიადი ოჯახის წევრებისთვის
მიაქვს. შემდეგ, ყველას ხელპირს დააბანინებს და მხოლოდ ამის შემდეგ
საუზმობენ.
სვანეთში ახალწლის ღამეს მეკვლეს სანოვაგეს გარეთ, სახლის გასავალ
კარებზე კიდებენ, რომ მეკვლეს მზად დახვდეს. მეკვლე სახლში შესვლისას
კერას სამჯერ შემოუვლის, დიდ ჯვარიან პურზე დააწყობს ტკბილეულს და
ვერცხლის ფულებს, უფროს-უმცროსობით ყველას დაუვლის და დღესასწაულს
ულოცავს.
ქართლში კი კვერებს შინაური ცხოველებისთვისაც აცხობენ. "ბასილა"
მათთვისაც მთავარი ტრადიციაა. სხვა კუთხეებისგან განსხვავებით,
ქართლელები "ბასილას" არათუ კვრებს, არამედ ქანდაკებას აცხობენ.
ოჯახის თითოეული წევრისთვის კი ორ-ორ ბედის კვერს, ხოლო შინაური
ცხოველებისთვის თითო–თითოს. გამთენიისას ოჯახის უფროსი ხონჩაზე,
რომელსაც ქართლში "აბრამიანს" უწოდებენ, ღორის თავს დადებს, ირგვლივ
ბედის კვერებს შემოუწყობს და ზედვე "ბასილას" ქანდაკებას დაასვენებს
და ასე ულოცავს ოჯახის წვერებს ახლა წელს.
მომზადებულია ინტერნეტმასალებით
კახეთში ახალ წელს ჩამიჩიან პურებს აცხობენ, ისე რომ ოჯახის ყოველს
წევრს თითო ჩამიჩიანი პური შეხვდეს. ახალი წლის ღამეს ყველა თავის
ჩამიჩიან პურს ჭამს. გამთენიისას ოჯახის უფროსი გარეთ გადის და სახლს
სამჯერ შემოუვლის. შინ შემობრუნებისას კი ოჯახის წევრებს ახალ წელს
ულოცავს და საგანგებოდ მომზადებული პურიანი ჯამიდან ყველას თითო
ლუკმას აჭმევს.
თუშეთში ახალ წელს წელწდობას ეძახიან. ამ მხარეში საახალწლო
ორცხობილებს დიდი მნიშვნელობა აქვს, რომლებსაც ხშირად შინაური
ცხოველებისთვის დამახასიათებელი ნიშნით გამოსახავენ. მაგალითად, ცხენს
ნალის ფორმის კვერი გამოხატავს, ხარს რქები და ა. შ. გამომცხვარ
კვერებს მატყლთან, მარილთან, ყველთან და ერბოსთან ერთად სუფრაზე
დაალაგებენ და მეკვლის მოსვლამდე არ მიირთმევენ. მეკლვე კი სახლში
პურს შემოაგორებს და იტყვის: "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი
ჩემი კვალი ანგელოზისა, კაი წელი გამოგეცვალოთ მრავალი. ერთი ესე,
ათასი სხვა. გაგიმრავლოთ შინ ოჯახი, გარეთ საქონი!"
ხევსურეთში დიასახლისი საახალწლოდ ოჯახის ყველა წევრისათვის ბედის
კვერებს აცხობს. თითოეულ მათგანს თავისი ნიშანი აქვს და გამოცხობის
დროს, ვისიც აფუვდება, ის ბედიანი და ყისმათიანი იქნება.
ხმიადის გამოცხობით იწყება ახალი წლის დილა ფშავში. ხმიადს მაგიდაზე
თაფლიან და ერბოიან ჯამებს შემოუმწკრივებენ. ოჯახის ერთი წევრი წყალზე
მიდის და თან მიაქვს ყველი და პური. ჩააგდებს წყალში და სამჯერ
იტყვის: "წყალო, ნაყრი მოგიტანე, ბედი გამომაყოლეო". წამოიღებს წყალს
და ხმიადებით სავსე სუფრაზე დადებს. მხოლოდ ამის შემდეგ მიუსხდებიან
ოჯახის წევრები სუფრას და საუზმობენ.
მესხეთ–ჯავახეთში კი საახალწლო კვერებს ახალი წლის დადგომამდე,
საღამოს აცხობენ. ძველი ტრადიციით, მესხები და ჯავახები სამეურნეო
იარაღის ფორმის კვერებს აცხობდნენ, მაგალითად ცელს, გუთანს და ასე
შემდეგ.ერთ–ერთი მთავარი ტრადიცია კი ე.წ. "ბაისლას" კვერს
უკავშირდებოდა, რომელსაც გრძელი წვერი და ნიგვზის თვალები ჰქონდა.
"ბასილას" სუფრის შუაში დადებდნენ და ირგვლის სხვა სურსათ–სანოვაგეს
მიუწყობდნენ.
წითელ მამალს კლავენ ახალ წელს საინგილოში. სუფრას კი ახალი წლის
დადგომამდე მიუსხდებიან. აკეთებენ ქათმის წვენსა და ფლავს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის მეკვლე, რომელიც უნდა იყოს
ნათესავი და ბედისგან დაუჩაგრავი. ვიდრე მეკვლე არ ეწვევათ, სახლში
არავის მიიღებენ.
მასალის გამოყენების პირობები