სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ანა ჯანიაშვილი აცხადებს, რომ
მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალიდან მისი ნების საწინააღმდეგოდ
გადაჰყავდათ.
მან ექსპრეზიდენტი გვიან ღამით მოინახულა.
ანა ჯანიაშვილი ამბობს, რომ როგორც მიხეილ სააკაშვილმა მას უთხრა,
ჰოსპიტლიდან გაყვანის პროცესს მან წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც
გონება დაკარგა და პროცესიც შეჩერდა.
ომბუდსმენის წარმომადგენელი არ გამორიცხავს მომხდარის გამო, ყოფილმა
პრეზიდენტმა შიმშილობა კვლავ დაიწყოს.
“მისი ნების საწინააღმდეგოდ ხდებოდა ჰოსპიტლიდან გაყვანა, ამას კი,
მან წინააღმდეგობა გაუწია – შემდეგ უკვე აღარ ახსოვს. ხოლო როდესაც
გონს მოვიდა, უთხრეს, რომ აღარ გადაჰყავდათ ჰოსპიტლიდან,”- აცხადებს
სახალხო დამცველის შიდა ქართლის წარმომადგენლი ანა ჯანიაშვილი.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია მესამე პრეზიდენტის
წერილს ასაჯაროებს, სადაც მესამე პრეზიდენტი წერს, რომ გორის
ჰოსპიტლიდან მის გადაყვანას გეგმავდნენ, რა დროსაც ის ცუდად
გახდა.
„დღეს შემოვიდნენ წასაყვანად, ექვსის ნახევარი იქნებოდა, შავ ფორმაში
ჩაცმულები. შემატყობინეს, რომ გადავყავდი, მაგრამ არ მითხრეს სად. მე
მოვითხოვე წნევის და პულსის შემოწმება, წნევა მქონდა 180, მეორე
გაზომვაზე უკვე 200/110-ზე. ჩემი ნორმალური წნევა არის 120/80-ზე. ეს
იყო ჰიპერტონიული კრიზი, ჩემი აზრით. არასდროს არ ვყოფილვარ ასეთ
მდგომარეობაში, წნევის და პულსის თვალსაზრისით.ამის შემდეგ, სცადეს
ძალით ჩემი გადაყვანა, მე გავუწიე წინააღმდეგობა, რის შემდეგაც
გავითიშე და არ მახსოვს გარკვეული მონაკვეთი. გონებაზე რომ მოვედი,
ექიმი მადგა თავზე და მითხრა, რომ არსად აღარ გადავყავდით და ვრჩებოდი
ჰოსპიტალში. ასევე, მითხრეს, რომ ჩემს ექიმებს შემოუშვებდნენ, მაგრამ
არ შემოუშვეს.ეს იყო ყველაზე მწვავე კრიზი, რომელიც ოდესმე მქონია
ცხოვრებაში. მთელი ამ ხნის განმავლობაში მიღებდნენ ვიდეოს, მათ შორის
სამედიცინო პრობლემების დროს. ვიდეოზე დაფიქსირებულია ჩემი მძიმე
მდგომარეობა“, – ნათქვამია წერილში.
მასალის გამოყენების პირობები