მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით კახეთში საპილოტე პროექტი განხორციელდება
მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალ საინტერესო პროექტს ვიწყებთ, რომელიც
მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობას ითვალისწინებს. ამის
შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მთავრობის
სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ლევან დავითაშვილის თქმით, აღნიშნული პროექტი ოთხ საპილოტე რეგიონში
განხორციელდება.
„საპილოტო რეგიონები ევროკავშირთან ერთად შეთანხმდა და ძირითადი
დაფინანსება ევროკავშირის მხრიდან იქნება. ეს რეგიონებია: იმერეთი,
კახეთი, გურია და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი, სადაც განვითარდება
პროგრამა. მოხდება მნიშვნელოვანი ფინანსური ხელშეწყობა იმ
მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინიციატივების, რომელიც ადგილზე არსებულ
საწარმოებს ექნებათ ან ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. ეს
თანხვედრაშია ჩვენი რეგიონული განვითარებისა და ზოგადად, სასოფლო თუ
სოფლის განვითარების ხედვასა და სტრატეგიასთან“, - განაცხადა
მინისტრმა.
მისი თქმით, ისინი ბიზნესს შეღავათიანი საკრედიტო რესურსით
დაეხმარებიან.
„ამ შემთხვევაში განსაზღვრულია 300 ათასიდან მილიონ ლარამდე სესხების
პროცენტის თანადაფინასება 2 წლის ვადით და ამავე დროს, მნიშვნელოვანი
კომპონენტია, რაც გულისხმობს დამატებით საგრანტო ხელშეკრულებას,
რომელიც სესხის ოდენობის მაქსიმუმ 60% შეიძლება იყოს და მაქსიმალური
საგრანტო თანხა - 600 ათასი ლარი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი
სტიმული იმისთვის, რომ შერჩეულ რეგიონებში მოხდეს მეწარმეობის
განვითარება“, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, პროგრამის ბიუჯეტი დაახლოებით, 15 მლნ ევროზე მეტია და
იგი რამდენიმე წელზეა გათვლილი. პროგრამას კი სოფლის მეურნეობის
სამინისტროსთან ერთად სხვა უწყებებიც განახორციელებენ.
მასალის გამოყენების პირობები