იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის მიმართ დისციპლინურ
საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების კვორუმი მცირდება. ამასთან,
ახალი დისციპლინური სახდელები შემოდის.
ამ მიმართულებით რიგი ცვლილებები “საერთო სასამართლოების შესახებ
კანონში“ იგეგმება, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა: გურამ
მაჭარაშვილმა, გივი მიქანაძემ, რატი იონათამიშვილმა, გიორგი
ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა და ალექსანდრე ტაბატაძემ მოამზადეს.
ინიციატორთა მიერ მოთხოვნილია ცვლილებების პროექტის დაჩქარებული წესით
განხილვა.
პროექტის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის
მიმართ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების კვორუმის
ცვლილება შესაბამისი გადაწყვეტილებების საბჭოს სრული შემადგენლობის
2/3-ის ნაცვლად, სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებაში
გამოიხატება.
მოსამართლის დისციპლინურ გადაცდომათა სახეებს ემატება და გადაცდომად
ჩაითვალება მოსამართლის მიერ აზრის გამოთქმის პროცესში ზომიერებისა და
გაწონასწორებულობის კრიტერიუმის ან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის
პრინციპის დარღვევა. როგორც ამასთან დაკავშირებით პროექტის
განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მოსამართლის მიერ ასეთი ქმედების
ჩადენა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობასა და
ავტორიტეტს ლახავს და საქართველოს კონსტიტუციასა და სამოსამართლო
ქცევის ბანგალორის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
ამავე პროექტით, მოსამართლის მიმართ გამოსაყენებელ დისციპლინურ
სახდელებს ემატება ახალი დისციპლინური სახდელები − სხვა სასამართლოში
გადაყვანა არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში და სააპელაციო სასამართლოს
მოსამართლის დაქვეითება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, არაუმეტეს 5
წლის განმავლობაში.
კანონპროექტით წარმოდგენილია დისციპლინური სამართალწარმოების ვადების
შემცირება - განახევრება ყველა ეტაპზე, რაც ინიციატორთა შეფასებით,
სამართალწარმოების ეფექტიანობის გაზრდის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას
ემსახურება.
მასალის გამოყენების პირობები