მასწავლებელი, რომელიც კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავს, ჩვენი შვილების მასწავლებელი არ უნდა იყოს - მიხეილ ჩხენკელი
მასწავლებელი, რომელიც მინიმუმ კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავს,
ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების მასწავლებელი არ უნდა იყოს და არც
იქნება. აღნიშნული განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა
პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, 2021 წელს გამოცდაზე გასული
იმ პედაგოგების პასუხად გააკეთა რომელთაც საკუთარ საგანში მინიმალური
კომპეტენცია ვერ გადალახეს.
როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, 2022 წლის იანვრიდან ამ
მასწავლებლების ჩანაცვლება მოხდება.
„კარგად მინდა განვუმარტო საზოგადოებას იმ გამოცდასთან დაკავშირებით,
რომელიც ჩატარდა სულ ახლახან. ეს გამოცდა იყო მხოლოდ კონკრეტულად
პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის. კი სამწუხარო შედეგი იყო, მაგრამ ეს
ყველაფერი კეთდება იმისთვის, გაჯანსაღდეს და გაუმჯობესდეს ხარისხი
სკოლებში. მე გეტყვით ზუსტად, რა გაგრძელება ექნება ამ ყველაფერს.
ჩემი ღრმა რწმენით, მასწავლებელი, რომელიც მინიმუმ კომპეტენციის
ზღვარს ვერ გადალახავს, ის ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების
მასწავლებელი არ უნდა იყოს და არც იქნება. ადამიანურად მე მესმის,
არავის არ უხარია, როცა ვიღაც ჩაიჭრება გამოცდაზე, მაგრამ თუ
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი მასწავლებელმა ვერ გადალახა, მოხდება
მისი ჩანაცვლება“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, პრაქტიკოსი პედაგოგების ჩანაცვლება პროფესიაში
შემოსვლის მსურველებით, რომელთა რაოდენობაც დიდია, კონკურსის
საფუძველზე მოხდება. ჩხენკელის შეფასებით, აღნიშნული პროცესი,
სკოლებში სწავლების ხარისხის გაზრდის კუთხით, წინგადადგმული
ნაბიჯია.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ზაფხულში, საგნის გამოცდაზე გასული 5 340
პრაქტიკოსი მასწავლებლიდან, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ
გადალახა 2 886-მა მასწავლებელმა და მოქმედი კანონის თანახმად, სკოლა
მათ ადგილას ვაკანსიას გამოაცხადებს. „სკოლის ადმინისტრაცია 2021-2022
სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 თვისა
აცხადებს კონკურსს.
მასალის გამოყენების პირობები