კორუფციის ნიშნების შემცველი სახელმწიფო შესყიდვები საგარეჯოს მერიაში
„საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველომ“, კორუფციის ნიშნების
შემცველი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა, სადაც
საგარეჯოს მერიის მიერ განხორციელებულ შესყიდვებზეცაა საუბარი.
შპს „ბურღი“, რომელიც 2020 წლის 19 ოქტომბერს დაფუძნდა, ერთ დღეში, 20
ოქტომბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებული შესყიდვის
გზით 205, 260 ლარის ჯამური ღირებულების ორი კონტრაქტი გაუფორმა
სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის. „ბურღს“ სხვა სახელმწიფო
უწყებასთან გამარტივებული შესყიდვის გზით კონტრაქტი არ
გაუფორმებია.
2021 წლის მაისიდან „ბურღმა“ 3 ელექტრონულ ტენდერშიც მიიღო
მონაწილეობა. სამივე ტენდერი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ
იყო გამოცხადებული. „ბურღმა“ 152,133 ლარის ჯამური ღირებულების 2
ტენდერი მოიგო, მათ შორის, ერთი კონკურენტის გარეშე.
შპს „ბურღი“ 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ზაქარია
ბუზარიაშვილია. „ბურღის“ დაფუძნებამდე, ზაქარია ბუზარიაშვილი ინდ.
მეწარმედ იყო დარეგისტრირებული და 2018 წლის 14 დეკემბერს საგარეჯოს
მუნიციპალიტეტის მერიისგან გამარტივებული შესყიდვის გზით 1,250 ლარის
ღირებულების კონტრაქტი ჰქონდა მიღებული დროშის სამაგრების
მიწოდებაზე.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო," მიიჩნევს,
რომ ახლადდაფუძნებული კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში
მონაწილეობა, მითუმეტეს გამარტივებულ შესყიდვებში, ორი გარემოების
გამო იქცევს ყურადღებას: 1. ზრდის კორუფციის რისკებს და 2.
გამოცდილების არქონის გამო მიწოდებული საქონლის ან მომსახურების
ხარისხით მიმართ აჩენს კითხვებს. გარდა ამისა, როდესაც შემსყიდველი
საქონელს ან მომსახურებას ახლადდაფუძნებული, გამოუცდელი კომპანიიდან
ყიდულობს, ჩნდება ეჭვი, რომ იგი დაინტერესებული არის კონკრეტულმა
პირებმა მიიღონ თანხა.
არამთვრობო ორგანიზციის რეკომენდაციაა, რომ კორუფციის ნიშნების
შემცველი სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებით საგამოძიებო უწყებები
უფრო მეტად უნდა ინტერესდებოდნენ. შემსყიდველმა ორგანიზაციებმა კი
ახლადდაფუძნებულ, გამოუცდელ კომპანიებთან გამარტივებული სახელმწიფო
შესყიდვების კონტრაქტების დადებისგან მაქსიმალურად უნდა შეიკავონ
თავი, ან ასეთი გადაწყვეტილებები ჩვეულებრივზე უფრო მაღალი სტანდარტით
დაასაბუთონ;
მასალის გამოყენების პირობები