ცესკო ახლად არჩეული საკრებულოების პირველი სხდომების თარიღს მომდევნო კვირაში დაასახელებს
ცენტრალური საარჩევნო კომისია მუნიციპალიტეტების ახლად არჩეული
საკრებულოების პირველი სხდომების ჩატარების თარიღს მომდევნო კვირას
დაასახელებს. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა
„ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
როგორც იოსელიანმა აღნიშნა, სავარაუდოდ, ცესკო მაქსიმალურ, 30-დღიან
ვადას საკრებულოების პირველი სხდომების ჩატარებისთვის არ
გამოიყენებს.
„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 13 ნოემბერს შეაჯამა თბილისის მერის
არჩევნების მეორე ტური და ასევე შეაჯამა თბილისის საკრებულოს 2021
წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგები. რაც შეეხება საკრებულოების
სხდომების მოწვევის თარიღს, საარჩევნო კოდექსის 151-ე მუხლში ცალსახად
წერია, რომ შედეგების შეჯამებიდან 1 თვის ვადაში ცესკო იწვევს
საკრებულოების პირველ სხდომას. შესაბამისად, 13 ნოემბრის შემდეგ
აითვლება 1-თვიანი ვადა. თუმცა, საორიენტაციოდ, ცესკოში სხდომა
გაიმართება 22-28 ნოემბრის კვირაში, სადაც განისაზღვრება
საკრებულოების პირველი სხდომის მოწვევის თარიღი.
რაც შეეხება მერის უფლებამოსილების შესრულების ვადებს, თარიღი აქაც
საარჩევნო კოდექსითაა განსაზღვრული და ეს არის არჩევნების შედეგების
შეჯამებიდან მე-11 დღე, მაგრამ აქ არის ერთი განსხვავება - თბილისის
მერის არჩევნები ჩვენ შევაჯამეთ 13 ნოემბერს, საიდანაც 11-დღიანი ვადა
აითვლება და შევა თბილისის მერის უფლებამოსილება ძალაში, რაც შეეხება
ოლქებს, მეორე ტური სადაც ჩატარდა, მერების არჩევნების შედეგებს
საოლქო საარჩევნო კომისიები აჯამებდნენ და ის 12 ნოემბერს შეაჯამეს,
შესაბამისად, 12 ნოემბრიდან აითვლება ვადები თბილისის გარდა.
ვადა დარღვეული არ არის. ჩემი ინფორმაციით, რაც ამჟამად მაქვს, არა
მგონია, ცესკომ საკრებულოების პირველი სხდომის მოწვევის 30 - დღიანი
ვადა ბოლომდე გამოიყენოს, თუმცა, დაველოდოთ მომდევნო კვირაში ცესკოს
სხდომის გამართვას, სადაც საკრებულოების პირველი სხდომების მოწვევის
ვადა დასახელდება“, - განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები